გიორგი კანდელაკი - აზარტული თამაშების რეკლამას რისკები აქვს, მაგრამ ამის გამო დრაკონული გზით წასვლა რაციონალურად გაუმართლებელი იქნება
გიორგი კანდელაკი - აზარტული თამაშების რეკლამას რისკები აქვს, მაგრამ ამის გამო დრაკონული გზით წასვლა რაციონალურად გაუმართლებელი იქნება

აზარტული თამაშების რეკლამას რისკები აქვს და ადამიანებს ზოგჯერ, დამოკიდებულებაც უჩნდებათ, მაგრამ ამის გამო დრაკონული გზით წასვლა რაციონალურად გაუმართლებელი იქნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„გამართლებულია გადასახადის გადამხდელთა ფულის დახარჯვა საგანმანათლებლო კამპანიებზე, სოციალურ რეკლამებზე, დამოკიდებულების მქონე პირთა მკურნალობაზე და მათთან მუშაობაზე, მაგრამ აკრძალვას ხეირი არასდროს არ მოუტანია. ასე, შეგვიძლია, ალკოჰოლიც ავკრძალოთ“, – განაცხადა კანდელაკმა.

მისი თქმით, ქვეყანა არ უნდა წავიდეს როგორც რეკლამის, ასევე ზოგადად აზარტული თამაშების სრული აკრძალვის გზით.

„შეიძლება, საუბარი იყოს დროით შეზღუდვაზე და მეტი არაფერი. აი, როგორც ალკოჰოლზე არის ახლა – მედიასაშუალებებით აზარტული თამაშების რეკლამა დღის განმავლობაში არ შეიძლებოდეს და გარკვეული დროის შემდეგ დაშვებული იყოს. სრული აკრძალვის გზით წასვლა უბრალოდ, ამ ყველაფრის არალეგალურ სფეროში გადასვლას გამოიწვევს, რასაც კარგი შედეგები არ მოჰყვება“, – განაცხადა კანდელაკმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს აზარტული თამაშების გარე რეკლამის დროით შეზღუდვა, როცა მაგალითად, ბანერია გაკრული, რომელსაც დროს ვერ დავუწესებთ, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ შეიძლება, დაწესდეს რაღაც მანძილი იმ დაწესებულებებიდან, სადაც არასრულწლოვნები სწავლობენ – სკოლა, ბაღი და ა.შ.

გიორგი კანდელაკმა ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ წყალტუბოსთვის აზარტულ თამაშებზე შედარებით დაბალი გადასახადი შემოიღო და 2013 წელს წყალტუბოში ერთ-ერთი დიდი ბრენდის შემოყვანაზე იყო საუბარი, მაგრამ როცა ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს „ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოში კაზინოების შესაძლო აკრძალვის შესახებ განაცხადა, ინვესტორები გაიქცნენ და წყალტუბოს გაჩერების ერთ-ერთი მიზეზი ეს არის.

მისივე თქმით, ეს მორალური საკითხია, მაგრამ ეკონომიკური საკითხიც არის, რადგან აზარტული თამაშებიდან შემოსული თანხა ეკონომიკაში შეტანილი ფულია.

„ეს მორალური საკითხია, მაგრამ ეკონომიკური საკითხიც არის. კი, უნდა ვიზრუნთ მათზე, ვინც დამოკიდებული ხდება, მაგრამ რა დააშავეს დანარჩენმა ზრდასრულმა ადამიანებმა, ვისაც არ უნდა, მთავრობა მშობელი იყოს და უკარნახოს, როგორ იცხოვროს, თავისუფალი დრო როგორ გაატაროს და საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული როგორ დახარჯოს?! ან, რა დააშავეს ტურისტებმა, რომლებიც აქ ჩამოდიან და ფულს ხარჯავენ?! ეს ხომ ჩვენ ეკონომიკაში შეტანილი ფულია?!“, – განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, უნდა შეიზღუდოს თუ არა აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა, კანდელაკმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვნებისთვის აზარტულ თამაშში ჩაბმა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფო ადამიანების მშობელი ვერ იქნება და ზრდასრულმა, თვითკმარმა ადამიანებმა, რომლებსაც სურთ, საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული ამა თუ იმ სფეროში დახარჯონ, ეს თავად უნდა გადაწყვიტონ.