გიორგი კანდელაკი - ავიაკომპანიებს პირდაპირ ეუბნება მთავრობა, არჩევნებამდე მოიცადეთო, რა შუაშია არჩევნები ვირუსთან, ეს ხომ აბსურდია
გიორგი კანდელაკი - ავიაკომპანიებს პირდაპირ ეუბნება მთავრობა, არჩევნებამდე მოიცადეთო, რა შუაშია არჩევნები ვირუსთან, ეს ხომ აბსურდია

ევროკონტროლის მონაცემებით, ევროპის 42 ქვეყანას შორის საქართველოში არის ყველაზე ცოტა ფრენები. დღეს მივიღეთ სიტუაცია, როდესაც სახეზე გვაქვს დე ფაქტო არაფორმალური აკრძალვა, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების აკრძალვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ასევე, კანდელაკის შეფასებით, დისკრიმინაციულია ორკვირიანი კარანტინიც.

„წარმოვიდგინოთ, ერთი ოჯახის წევრები, ერთი არის საქართელოს მოქალაქე, სხვები არიან ამ ხუთი უსაფრთხო ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქე უნდა ჩავაყუდოთ კარანტინში და დანარჩენი წევრები გავუშვათ, ხომ?! სად არის ლოგიკა. ამ მიზანს ემსახურება „ვიზეარის“ და ხელმისაწვდომი ფრენების დე ფაქტო აკრძალვა, ავიაკომპანიებს პირდაპირ ეუბნება მთავრობა, არჩევნებამდე მოიცადეთო. რა შუაშია არჩევნები ვირუსთან, ვირუსი არჩევნების მიხედვით ხელმძღვანელობს?! ან პასპორტის მიხედვით არჩევს ვის შეეყრება?! ეს ხომ ბოდვაა და აბსურდი.

სინამდვილეში, ერთ-ერთი მოტივი ამ მავნებლობის არის ის, რომ საქართველოში არ დაბრუნდეს ათეულ ათასობით ქართველი ემიგრანტი, რომელიც რჩება სამსახურის გარეშე. ყველგან კრიზისია, ყველგან რთული ვითარებაა, ან დაუმთავრდათ კონტრაქტები, ან უწევთ დაბრუნება, სამთვიანი ვადა, მაგალითად პოლონეთში რომ არის, ის დაუმთავრდათ დიდი ხნის წინ. საუბარი ათეულ ათასი გაბრაზებული საქართველოს მოქალაქის ქვეყანაში არ ჩამოშვებაზე, ამასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში. ასეთი კარანტინი, როგორიც საქართველოშია, არსად არის“, – განაცხადა კანდელაკმა.