გიორგი კანდელაკი - არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაზე საბჭოთა ანონიმური წერილი სამინისტროშია დაწერილი
გიორგი კანდელაკი - არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაზე საბჭოთა ანონიმური წერილი სამინისტროშია დაწერილი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაზე საბჭოთა ანონიმური წერილი სამინისტროშია დაწერილი.

ამის შესახებ გიორგი კანდელაკმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ანონიმური წერილის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე მიმართა.

კანდელაკის თქმით, ვინმე ლავრენტი ქირია, რომლის წერილის საფუძველზეც დაიწყო განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში შემოწმება, არ არსებობს.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა პრინციპულად წინააღმდეგია მომავალში, ხელისუფლების ცვლილება როდესაც მოხდება, მაშინ უკვე ყოფილი ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის. მინდა, უბრალოდ შეგახსენოთ, დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია. ამ სხდომაზეც ჩანს, კორიანტელია ფაქტების, რომელიც მეტყველებს სისხლის სამართლის დანაშაულზე. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ. ერთია მომზადება, ბუნდოვანი ფრაზების კორიანტელის დაყენება, მაგრამ მეორე არის სიმართლე და პასუხისმგებლობა.

ამ ყველაფრის ცენტრშია, რა თქმა უნდა, ეს საბჭოთა კავშირის კლასიკური, 30-იანი წლების ანონიმური წერილი. თქვენ თქვით, რომ არანაირი ვალდებულება არ გვქონდა, დაგვედგინა ამ წერილის ავტორის ვინაობაო. ფორმალურად შეიძლება ასეა, მაგრამ ახლა, როცა საზოგადოებამ გაიგო, რომ ეს ლავრენტი ქირია სინამდვილეში არ არსებობს, ადამიანურად, ახლა მაინც, როდესაც ია კერზაია აღარ არის ცოცხალი, არ გაგჩენიათ სურვილი, გაგეგოთ, სინამდვილეში ვინ არის წერილის ავტორი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ანონიმური საბჭოთა წერილი დაწერილია განათლების სამინისტროშივე. შესაძლოა, თქვენც იყავით ამის შესახებ ინფორმირებული. არსებობს ამის ეჭვი. განა არ გაგჩენიათ სურვილი, ეჭვი გაგექარწყლებინათ, რომ გაგეგოთ, მართლა ვინ არის ავტორი და დაგემტკიცებინათ, რომ არ მუშაობს განათლების სამინისტროში. თუ გაგიჩნდათ სურვილი, დაგვიანებით მაინც დაადგინეთ ამ წერილის ნამდვილი ავტორი?“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მანამდე, კერძოდ, იმავე წლის ნოემბერში სკოლაში მოქალაქის წერილის საფუძველზე განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა შემოწმება დაიწყო.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ია კერზაიას გარდაცვალება პოლიტიკურ ზეწოლას მოჰყვა.

განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს განათლების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. კომიტეტზე მინისტრის მისვლა ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა.  საკომიტეტო მოსმენას ესწრებიან ია კერზიას ოჯახის წევრები, მათ შორის შვილი, ბაჩანა შენგელია.