გიორგი კანაშვილი - დასავლეთი პრაგმატული მოთამაშეა, ის საკუთარ მოკავშირეებს იცავს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროპული კლუბის ნაწილია
გიორგი კანაშვილი - დასავლეთი პრაგმატული მოთამაშეა, ის საკუთარ მოკავშირეებს იცავს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროპული კლუბის ნაწილია

დასავლეთი ისე უნდა შევაფასოთ, როგორიც არის, ის პრაგმატული მოთამაშეა, – განაცხადა კონფლიქტოლოგმა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, გიორგი კანაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ის საკუთარ მოკავშირეებს იცავს, განსაკუთრებით მათ, ვინც უკვე ევროპული კლუბის ნაწილია. ვგულისხმობ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს“, – განაცხადა კანაშვილმა.

ამ განცხადებით გიორგი კანაშვილმა გადაცემაში სტუმრად მყოფ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპას რეალობის დანახვა დიდხანს არ უნდოდა და ამიტომ არის, რომ ოკუპაციის თემას დღესაც გვერდით დებს, რადგან არსებობს რაღაც ერთი ციცქნა საქართველო და დიდი რუსეთი, რომლის დანახვისაც ეშინია.

გიორგი კანაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების შექმნაში რაც უფრო მეტ მონაწილეობას მივიღებთ და დემოკრატიისა და ეტაპობრივად, კეთილდღეობის ხარისხი რაც უფრო მაღალი გვექნება, დასავლეთს საქართველოს დაცვის უფრო მეტი და მეტი მორალური პასუხისმგებლობა ექნება.

„ვფიქრობ, ნელ-ნელა სწორი მიმართულებით მივდივართ და იმედია, მალე რუსეთის წინააღმდეგ ამ საქმესაც მოვიგებთ“, – აღნიშნა გიორგი კანაშვილმა.