გიორგი კალანდარიშვილი - სამწუხაროა, რომ შესაძლებლობის მიუხედავად, ეუთო/ოდირი 4 ოქტომბრის არჩევნებს არ აკვირდება, მიზეზად დროის სიმცირე დასახელდა, თუმცა სხვა ქვეყნებში ამას ახერხებენ 
გიორგი კალანდარიშვილი - სამწუხაროა, რომ შესაძლებლობის მიუხედავად, ეუთო/ოდირი 4 ოქტომბრის არჩევნებს არ აკვირდება, მიზეზად დროის სიმცირე დასახელდა, თუმცა სხვა ქვეყნებში ამას ახერხებენ 

არჩევნებამდე ყველა ჩართული მხარე თანხმდება, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა ყველასთვის მისაღები იქნება, შემდგომ კი, თუნდაც ადგილობრივ ან საერთაშორისო დონეზე, ვნახეთ ამ დოკუმენტის დისკრედიტაციის მცდელობები. მხოლოდ იმ წინადადებების გამოყენება ხდება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის დღის წესრიგთან არის თანხვედრაში, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს თუ სურთ, ქვეყანაში ეუთო/ოდირის მისია აკვირდებოდეს არჩევნებს, პატივი უნდა სცენ მის დასკვნებს.

„საარჩევნო პროცესს დააკვირდება 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციები, პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან 21 ქვეყნიდან როგორც საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, უნგრეთიდან, სლოკავეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვივად“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ეუთო/ოდირთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია იყო.

„სამწუხაროა, რომ შესაძლებლობის მიუხედავად, ეუთო/ოდირი 4 ოქტომბრის არჩევნებს არ აკვირდება. მიზეზად დროის სიმცირე დასახელდა, თუმცა სხვა ქვეყნებში დროის მცირე ფარგლებშიც ახერხებენ დაკვირვებას. საქართველოშიც 2008 წლის არჩევნების დროს, ერთი თვით ადრე განათავსეს მისია, ამის პრაქტიკაც არსებობს. ზოგადად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ნაკლებად ხვდება საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო არეალში. ხშირად არის საუბარი, რომ მისია აკვირდებოდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, თუმცა მაშინ სხვა პოლიტიკური კონტექსტი არსებობდა და შეთანხმების შედეგად, იყო დაკვირვების მთელი რიგი საჭიროებები. ეუთო/ოდირი არჩევნებს გასულ წელს აკვირდებოდა. არჩევნებამდე ყველა ჩართული მხარე თანხმდება, რომ ორგანიზაციის დოკუმენტი იქნება ყველასთვის მისაღები, მაგრამ, სამწუხაროდ, შემდგომ, თუნდაც ადგილობრივ ან საერთაშორისო დონეზე, ვნახეთ ამ დოკუმენტის დისკრედიტაციის მცდელობები. მხოლოდ იმ წინადადებების გამოყენება ხდება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის დღის წესრიგთან არის თანხვედრაში“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

მისი თქმით,  ეუთო/ოდირის გასული წლის დასკვნაში არ იკითხება ისეთი ხარვეზი, რომელსაც შეიძლება, გავლენა ჰქონდეს არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებზე.

„შემიძლია, გვერდი და აბზაცი მიგითითოთ, სადაც დოკუმენტის შემაჯამებელი ნაწილი იწყება სიტყვებით, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ტექნიკურ – პროცედურულად კარგად უზრუნველყო არჩევნების ადმინისტრირება, საუბარია ჩვენს მასშტაბურ პროექტებზე. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ხარვეზები, გადაცდომები არ ყოფილა. ცხადია, როდესაც ასეთი მასშტაბის პროცესი ხორციელდება და ამხელა ადამიანური ფაქტორია, შეიძლება, იყოს გადაცდომები. მთავარია, რასაც ჩვენ ვკითხულობთ სხვადასხვა ქვეყნის, ეუთო/ოდირის დასკვნებში, მოცემული ხარვეზები არ იყო ისეთი, რომელსაც შეუძლია, გავლენა ჰქონდეს პოლიტიკურ შედეგებზე და, რომელიმე მხარეს მისცემს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ არჩევნები არ არის ლეგიტიმური. ქვეყანაში თუ გვინდა, გვყავდეს ეუთო/ოდირი, პატივი უნდა ვცეთ მის დასკვნას. ისეთი გარემოებებიც არის, რომელსაც ჩვენც არ ვეთანხმებით, მაგრამ არ ვაკრიტიკებთ. ვამბობთ, რომ დოკუმენტი იქნება გზამკვლევი, იქ მოცემული მიგნებებზე, რეკომენდაციებზე ვიმუშავებთ, ვითვალისწინებთ, ვნერგავთ, ისევე როგორც შემდგომ ეტაპებზე ეუთო-სთანაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ეს არის თანამშრომლობის კონსტრუქციული და ჯანსაღი ფორმა, რომელიც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს ფორმირებას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ვერცერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ იტყვის, რომ მათ ცესკო-მ რაიმე ბარიერი შეუქმნა.

„პირიქით, მივესალმებოდით, მივესალმებით, მომავალშიც მივესალმებით, რომ რაც მეტი ნახავს ამ პროცესს, მით უმეტეს თუ განსხვავებული კუთხიდან, მზად ვართ რეკომენდაციების მოსასმენად. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს უწყობს პროცესის განვითარებასა და გაჯანსაღებას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.