გიორგი კალანდარიშვილი - ნებისმიერ არჩევნებს, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ყოველთვის ახლავს ხარვეზები, თუმცა ამ უმნიშვნელო შემთხვევებს შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია
გიორგი კალანდარიშვილი - ნებისმიერ არჩევნებს, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ყოველთვის ახლავს ხარვეზები, თუმცა ამ უმნიშვნელო შემთხვევებს შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.

მისი თქმით, არჩევნებზე სრულად იყო უზრუნველყოფილი დამკვირვებლებისა და მედიის მუშაობის თავისუფლება.

„სანამ წინასწარ შედეგებს გაგაცნობთ, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ვინც მოვიდა საარჩევნო უბნებზე და გამოხატა თავისი ნება. ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, ვინც არ დაიშურა ძალისხმევა საარჩევნო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ასევე ყველა ჩართულ მხარეს – საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მედიას, რომლის ჩართულობამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები გამართულიყო. უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრის დღე წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. სრულად იყო უზრუნველყოფილი დამკვირვებლებისა და მედიის მუშაობის თავისუფლება კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ნებისმიერ არჩევნებს, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ყოველთვის ახლავს გარკვეული ხარვეზები, თუმცა მისი თქმით, ასეთი შემთხვევები იყო უმნიშვნელო და შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

„არის საჩივრებიც, რომელთა განხილვაც დროულად, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურებით მოხდება შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ. შევჩერდები ტექნოლოგიურ სიახლეებზე. როგორც მოგეხსენებათ ბათუმში კენჭისყრის პროცესი გაიმართა საპილოტე რეჟიმში, ვერიფიკაციისა და ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად შეისწავლის პროცესის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს და შედეგებს აუცილებლად გააცნობს საზოგადოებას. თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა წარმატებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა მოწონება დაიმსახურა ამომრჩევლების მხრიდან. ის მცირე ხარვეზები კი, რაც მაგალითისთვის მოყვა ამ სიახლეების გამოყენებას, ჩვენი მხრიდან თავიდანვე იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, ხელი არ შეუშლია ხმის მიცემის პროცესის მსვლელობისათვის. საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც ეს იყო უდიდესი გამოცდილება და რა თქმა უნდა ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ელექტრონული საშუალებების დანერგვის შესაძლებლობების შესწავლას. ეს არის პროცესი, რომელსაც შეუძლია ეტაპობრივად მიგვიყვანოს ტექნოლოგიური საშუალებების ფართომასშტაბიანი გამოყენების შესახებ გარკვეულ საკანონმდებლო გადაწყვეტამდე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილი აცხადებს, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გახდა შესაძლებელი, რომ ბათუმში შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები საზოგადოებას კენჭისყრის დასრულებიდან ერთ საათში მიეღო, რაც კალანდარიშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვისაც და ნებისმიერი ჩართული მხარისთვისაც.

„ახლა კი გაგაცნობთ არჩევნების წინასწარ შედეგებს: ბათუმში დათვლილია ყველა, 14-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. №5 მათე ფუტკარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 3 244 ხმა – 30.98%; №41 რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 7 225 ხმა – 69.01%; რუსთავსა და გარდაბანში დათვლილია ყველა, 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. №34 მამუკა ტუსკაძე „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“  – 2 634 ხმა- 6.95%; №41 ირაკლი შატაკიშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 34 333 ხმა, 90.61%; №59 კამალ მურადხანოვი „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 923 ხმა, 2.43%“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.