გიორგი კალანდარიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზეწოლის ყველა ფაქტი გამოვლინდეს და მოხდეს ადეკვატური რეაგირება
გიორგი კალანდარიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზეწოლის ყველა ფაქტი გამოვლინდეს და მოხდეს ადეკვატური რეაგირება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა.

კერძოდ, მისი განმარტებით, ერთ-ერთი კანდიდატი საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე გარკვეულ ზეწოლას ახდენდა.

„რაც შეეხება ფაქტებთან მიმართებით გარკვეულ აპელირებას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. მინდა, ცალსახად დაგიდასტუროთ ეს და საზოგადოებამაც ნახა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ ის ზეწოლის ფაქტები, რომელიც გამოხატული იყო მაგალითად, გუშინდელ შემთხვევასთან მიმართებით აბსოლუტურად არაუფლებამოსილი პირის მიერ. ის გახლდათ კანდიდატი, რომელიც იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე და გარკვეულ ზეწოლას ახორციელებდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე. ყველა ჩართულ მხარეს ვთხოვთ, რომ დააკვირდნენ განსაკუთრებით ამ პროცესს, რადგან ზეწოლის ასეთი შემთხვევებით ერთი მხრივ, ვაზიანებთ საარჩევნო გარემოს, რაც მნიშვნელოვანია ამ არჩევნებისთვის. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი ფაქტი იყოს გამოვლენილი და მოხდეს ადეკვატური რეაგირება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კითხვაზე, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან აპელირება ხდებოდა მარკირების სითხის ვადებთან დაკავშირებით, რამდენად კანონიერი იყო ვადა, როდესაც სითხე მიიტანეს უბანზე, კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ სითხის მიტანასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის.

„არ ვიცი, მარკირების სითხე იყო თუ არა, არ ვარ ინფორმირებული. რა დარღვევა არის, პროცედურაა ჩვეულებრივი, როდესაც ზემდგომი კომისიები ქვემდგომ კომისიებს უზრუნველვყოფთ იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო დოკუმენტაციით და მასალებით, რომელიც კენჭისყრის დღის ორგანიზებისთვის არის აუცილებელი, ეს ეტაპობრივად გადაეცემა ქვემდგომ კომისიებს, ამიტომ მანდ კითხვის ნიშნები არ არსებობს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება მარკირების სითხის მოშორების საკითხს, ცესკო-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ვინმეს მარკირების სითხე ვადაზე ადრე მოშორდეს.

„საუბარი იყო, თითქოს რაღაც ვარჯიშები მიმდინარეობდა, რომ მარკირების სითხე გარკვეულ ვადაზე იყოს მოშორებული, რათა ჰიპოთეტურად კონკრეტულმა ამომრჩეველმა შეძლოს განმეორებით მონაწილეობა. ეს არის წარმოუდგენელი, აბსოლუტურად უსაფუძვლო, მსგავსი რამ არ მომხდარა საუბნო საარჩევნო კომისიაში. მეორეც, ვიღაცას რომ მოშორდეს მარკირების სითხე, ესეც აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ ბოლო პერიოდში ზეწოლის ფაქტები გახშირდა.

ცეკო-ში გუშინ ასევე განაცხადეს, რომ საბურთალოს საარჩევნო ოლქის ორ უბანზე შეიჭრა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რომელიც არაუფლებამოსილი პირია და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საარჩევნო უბნის წევრებს.