გიორგი კალანდარიშვილი - ჩვენი ინსტიტუციის ფუნდამენტური, მთავარი ვალდებულება არის, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში არჩევნების ადმინისტრირება უზრუნველვყოთ
ჩვენი ინსტიტუციის ფუნდამენტური, მთავარი ვალდებულება არის, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში არჩევნების ადმინისტრირება უზრუნველვყოთ, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, რაც უშუალოდ კენჭისყრის ოთახში ხორციელდება, მაგრამ მის მიღმა, ან თუნდაც შიგნით შეიძლება, ისეთი ქმედება მოხდეს, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებს აღემატება და ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების რეაგირება, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ უკვე კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა, შს სამინისტროსთან ყოველი საერთო არჩევნების წინ მემორანდუმის გაფორმება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობის, ისევე, როგორც უსაფრთხოების მიზნით პრევენციული ზომების მიღებისთვის, ან კონკრეტული ფაქტების არსებობის შემთხვევაში სათანადო ოპერატიული რეაგირების განხორციელების მიზნით ჩვენ ვთანხმდებით ამ თანამშრომლობაზე, რა მიზნითაც იქნება ინფორმაციის მიმოცვლა, მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა, რათა ყველა ასეთი შემთხვევა, თუკი სადმე რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ექნება ადგილი და ის სცდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას, იყოს დროული რეაგირება, რათა ერთი მხრივ, აღმოიფხვრას, მეორე მხრივ კი, სადაც იქნება სათანადო რისკები, იყოს პრევენცირებული და მინიმუმამდე დაყვანილი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ სიებზე, რომელიც სავარაუდოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სიებია, რასთან გვაქვს საქმე და არის თუ არა საჯარო სპეცსიები, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ რაც გავრცელდა, ნახა, მაგრამ საიდან იყო ეს ინფორმაცია დამუშავებული, ვინ გაიტანა, როგორ და ასე შემდეგ, ეს ცესკო-ს მოკვლევის და შეფასების საგანს არ წარმოადგენს.
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს იყო სხვადასხვა, თუ ერთ-ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული სპეცსიიდან ამოღებული ინფორმაცია. სპეცსია დგება ისეთ შემთხვევაში, როდესაც სამხედრო მოსამსახურე, ან შს სამინისტროს ქვედანაყოფების თანამშრომლები და გარკვეული კატეგორიის ამომრჩევლები, თუ მათი რეგისტრაციის მისამართიდან განსხვავებულ ადგილას, ანუ, დისლოკაციის ადგილას იქნებიან სამუშაო ადგილის მიხედვით, ხორციელდება მათი იმ ლოკაციაზე განსაზღვრა, თუ შესაბამისი დაწესებულება მოგვაწვდის ან ინფორმაციას და დგება სპეციალური სია, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისია ამტკიცებს განკარგულებით. ეს განკარგულება თავის მხრივ, ხელმისაწვდომია და თავის მხრივ, სიაც კომისიის წევრებისთვის, ისევე, როგორც უზრუნველყოფილი არის ამ განკარგულების საჯაროობა. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია იმის თქმა, რომ ნებისმიერ პირს, რომელსაც ამ შემთხვევაში ჰქონდა ინტერესი და ხელმისაწვდომობა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომ განხორციელებულიყო მისი დამუშავება და შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნება. ეს ზოგადად, რაც შეეხება სპეცსიებს, თუმცა ასევე ვნახეთ, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო მითითება იმის თაობაზე, რომ ეს იყო გასული წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, რაც გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების, ვარაუდის გამოხატვის შესაძლებლობას, რომ ზუსტადაც რომ გასული წლის ერთ-ერთი სპეციიდან, რომელიც რომელიმე, ერთ-ერთმა, ან რამდენიმე საოლქომ დაამტკიცა, განხორციელდა ამ ინფორმაციის წაღება და დამუშავება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.