გიორგი კალანდარიშვილი - ცესკო მზაობას აცხადებს, რომ მაღალპროფესიონალურ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განახორციელოს არჩევნების ადმინისტრირება
გიორგი კალანდარიშვილი - ცესკო მზაობას აცხადებს, რომ მაღალპროფესიონალურ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განახორციელოს არჩევნების ადმინისტრირება

მინდა, თქვენ გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ, შემაჯამებელი სახით საზოგადოებას წარვუდგინოთ ინფორმაცია, რათა, თუკი, კვლავ არსებობს სადმე რაიმე კითხვის ნიშნები, მათ ჰქონდეთ გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია პირველი წყაროსგან და არა იმ დეზინფორმაციული კამპანიების შედეგად, რომელიც ჩვენ მრავლად ვიხილეთ წინასაარჩევნო პერიოდში, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ცესკო მზაობას აცხადებს იმის თაობაზე, რომ მაღალპროფესიონალურ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განახორციელოს არჩევნების ადმინისტრირება. ამის წინაპირობა გახლავთ ის, რომ მას შემდეგ, რაც ამოიწურა გასული წლის არჩევნების ჩატარების პროცესი და შედგა შემაჯამებელი ოქმი, მეორე დღიდან, შეიძლება ითქვას, ჩვენ დავიწყეთ მზადება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ამ განცხადებით გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა მზად ცესკო არჩევნებისთვის და ზოგადად, როგორი იქნება ხვალინდელი დღე.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით ეს არის არჩევნები, რომელიც მსგავსად გასული წლის არჩევნებისა, იდენტური საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, თითქმის იდენტური რაოდენობის საარჩევნო უბნებზე, რაც გულისხმობს ვერიფიცირებას, ხმის დათვლის აპარატების გამოყენებას, ისევე, როგორც სპეციალური პლანშეტების გამოყენებას, რამაც რეალურად, მნიშვნელოვანი პროგრესი მისცა ადმინისტრაციას და საარჩევნო გარემოს. ამასთან, როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, დეზინფორმაციული, უსაფუძვლო ბრალდებების ფონზე, რომელიც გასული წლის არჩევნებიდან დღევანდელ დღემდე მოჰყვება ფონად წინასაარჩევნო გარემოს, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გადაიფარა.

„ამან არ მოგვცა ჩვენ იმაზე აქცენტების გაკეთების შესაძლებლობა, თუ რა მოგვცა ერთმა აპარატმა, მეორემ, თუ მესამე საშუალებამ მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად გამარტივდა კენჭისყრის დღის პროცესი, მნიშვნელოვნად არის გადაზღვეული ადამიანური შეცდომებით გამოწვეული ხარვეზები, გამარტივებულია ძებნა, გამორიცხულია ორმაგი მონაწილეობა და დაჩქარებულია წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების დრო, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ უზრუნველყოფილია მაქსიმალური გამჭვირვალობა და ღიაობა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, შესაბამისად, ამ ტექნოლოგიურმა საშუალებებმა უზრუნველყო გამჭვირვალობა და ღიაობა.

„უზრუნველყო ის, რომ პროცესი არის აუდიტირებადი. მასში გამოყენებული არის ქაღალდის კვალი, რითაც ჩვენ ასევე ვუპასუხეთ ევროპულ სტანდარტებსა და პრაქტიკას, რაც ფაქტობრივად, არ ტოვებს სივრცეს მანიპულაციისთვის, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ კვლავ გვესმის გარკვეული უსაფუძვლო ბრალდებები და შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე იმედს გამოვთქვამ, საზოგადოებას სწორად ხედავს და აფასებს იმ სამუშაოებს, ღიაობას, რომელსაც ინსტიტუცია ამ მიმართულებით ახორციელებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა უნდა გაითვალისწინოს ამომრჩეველმა საარჩევნო უბნებზე, ცესკო-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამომრჩევლისთვის არაფერი არ იცვლება.

„მსგავსად გასული წლისა, იდენტურ საარჩევნო უბნებზე იქნება ტექნოლოგიური საშუალებები წარმოდგენილი, ხოლო ტრადიციულზე ტრადიციული წესის მიხედვით განხორციელდება კენჭისყრის პროცესი, თუმცა ამ ნაწილშიც მთელი რიგი მოდერნიზების ელემენტები, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ კენჭისყრის დასრულების შემდგომ, როდესაც შედგება შემაჯამებელი ოქმები, განხორციელდება ბიულეტენების გაციფრულება, დიგიტალიზაცია, რაც მოიცავს იმას, რომ დასკანირდება ეს ბიულეტენები და განთავსდება საჯარო ხელმისაწვდომობისთვის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რაც მისცემს მათ იმის შესაძლებლობას, რომ თავადვე მოახდინონ აუდიტირება შემაჯამებელ ოქმებში მოცემული მონაცემების და ბიულეტენებში მოცემული ინფორმაციის. ეს თავის მხრივ, მეტ გამჭვირვალობას და ღიაობას სძენს პროცესს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.