გიორგი კალანდარიშვილი - 28 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომელიც არჩევნებს დააკვირდება, არიან როგორც უცხო ქვეყნის საელჩოები, ორგანიზაციები და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები
ქართული პრაქტიკის შემთხვევაში, 2008 წელს გვქონდა ჩვენ ისეთი გამოცდილება, როდესაც ზუსტად ერთი თვის თავზე განათავსეს მისია ეუთო/ოდირმა, ისევე, როგორც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან არის ერთთვიანი და კიდევ უფრო შემჭიდროებულ ვადებში განთავსებები, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მინდა, მაგალითად, ვთქვა, რომ როდესაც რიგგარეშე არჩევნებს აქვს ქვეყანაში ადგილი, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან შემჭიდროებული ვადებში ტარდება და ასეთ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ეუთო/ოდირი აკვირდება, ხომ, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ჩვენ პრაქტიკაში ვისაუბრებთ, თუ ვის მიღმა. აქედან გამომდინარე, აპელირება იმაზე, რომ რაღაცის მოსწრება შეუძლებელია, რა თქმა უნდა, შეიძლება, ვერ მივიჩნიოთ ბოლომდე იმ ობიექტურ გარემოებად, რომელიც მისცემდა მათ ამის თქმის საშუალებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის მათი უფლება და ეს არის მათი გადასაწყვეტი, რაშიც ისინი თავისუფალი არიან. მთავარი არის ის, რომ სახელმწიფომ შეთავაზება გააკეთა; მთავარი არის ის, რომ ისინი იყვნენ მოწვეული და კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ არანაირი შეზღუდვების და ხელოვნური ბარიერების შექმნას ადგილი არ ჰქონია, არათუ ეუთო/ოდირის შემთხვევაში, არამედ ნებისმიერ სხვა ორგანიზაციასთან მიმართებაში. ახლა, რა თქმა უნდა, უკვე დასრულებულია რეგისტრაციების პროცესი, მაგრამ საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ პროაქტიურად შეახსნა ყველა ჩართულ მხარეს, როგორც მედიას, ასევე ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ვისაც ჰქონდა სურვილი რეგისტრაციის და აკმაყოფილებდნენ საარჩევნო კანონმდებლობით მოთხოვნებს, ისინი უპრობლემოდ გაივლიდნენ რეგისტრაციის პროცესს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ორგანიზაციები დააკვირდებიან არჩევნებს, რადგან ერთგვარად, ისე ხდება წარმოჩენა და საზოგადოების აზრის ფორმირება, თითქოს, თვითმმართველობის არჩევნებს არ დაესწრება და მონიტორინგს არ გაუწევს არცერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ 28 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომელიც არჩევნებს დააკვირდება, არიან, როგორც უცხო ქვეყნის საელჩოები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და 21-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.
„ეს არის ბულგარეთი, ეს არის ბოსნია ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, უნგრეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, მოლდოვა და რომელი ერთი ჩამოვთვალო. ალბათ, დამეთანხმებით იმაში, რომ ვინ შეიძლება, იმაზე მეტად პროფესიულად და კომპეტენტურად დააკვირდეს არჩევნებს, როგორც მაგალითად, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციები, ხომ? შესაბამისად, ცოტა არ იყოს, ჩემთვის გაუგებარია, სად გადის ზღვარი აქ ავტორიტეტულ, არაავტორიტეტულ ორგანიზაციებს შორის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, რაოდენობრივი მაჩვენებლითაც თუ ვნახავთ, 27 ადგილობრივი ორგანიზაციის ასობით დამკვირვებელი საკმაოდ სოლიდური ციფრია.
„მე იმედს გამოვთქვამ, ეს ორგანიზაციები მიუკერძოებლად განახორციელებენ თავიანთ დაკვირვებას. ხშირად უყვართ ხოლმე მოლდოვას ხსენება და მაგალითად, აგერ რამდენიმე დღის წინ მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს 3 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა. ამიტომ, თუ რაოდენობრივი კუთხით ვუყურებთ, მე მგონი, 3 და 27 მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ ხარისხობრივი კუთხით ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, ხარისხობრივი კუთხით უნდა დაველოდოთ მათ შეფასებებს, ანგარიშებს და შემდგომ ერთად გამოვიტანოთ დასკვნები, ვინ რა, როგორი ხარისხის შეფასება გააკეთა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ გასულ წელს იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში, რაც არასწორია და ამაზე ეუთო/ოდირი თავის არაერთ ანგარიშში საუბრობს, რომ იყო აფილირებული დაკვირვებები, იყო ჩარევის მცდელობები და ასე შემდეგ.
„თქვენ თუ ფიქრობთ, რომ რაღაც ირღვევა, ან რაღაც ფუნქცია არ ხორციელდება და ხართ დამკვირვებელი, ასეც შემთხვევაში ეს უნდა დაწეროთ თქვენს დასკვნაში, რომ რაღაც არ კეთდებოდა, რაღაც ფუნქცია არ სრულდებოდა, რაღაც ირღვეოდა და ასე შემდეგ და არა ისე, როცა იქ რაღაც თითის ქნევით კომისიის წევრების მიმართ მითითებები, ჩარევები და ასე შემდეგ ქმედებები იყო განხორციელებული. რა თქმა უნდა, იზოლირებულ შემთხვევებზე არის საუბარი, ეს არ ეხება ყველას და ეს არ ეხება დიდ მასშტაბს, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევები, რასაც ჩვენ ღია წყაროებში ვხედავდით, გავრცელებულ ფოტო, თუ ვიდეო მასალებში. ეს იყო შემთხვევები, როდესაც არა კომისიის წევრი ართმევდა ამომრჩეველს პირადობის ბარათს, ხან პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ამ პირადობის ბარათს, ხან ფოტოს უღებდნენ და სად აგზავნიდნენ, კაცის შვილმა არ იცის, რაც იმთავითვე არ წარმოადგენს დამკვირვებლის უფლებას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.