გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას მიმართა - მაქვს მინიმუმ სამი დადგენილება პარლამენტის წევრებზე, რომლებსაც იჭერდით და შემდეგ „აპრავებდით“ [ვიდეო]

მაქვს მინიმუმ სამი დადგენილება პარლამენტის წევრებთან მიმართებაში, რომლებსაც იჭერდით და შემდეგ „აპრავებდით“, იჭერდით ხალხს, ყრიდით ციხეში და ცემდით პარლამენტის წევრებს, – ასე მიმართა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას.

სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ.

„რამდენჯერმე გაიმეორეთ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა. პირველი კი არა, გინდათ, გითხრათ, თქვენ რას აკეთებდით? აქ მაქვს მინიმუმ სამი დადგენილება პარლამენტის წევრთან მიმართებაში, რომლებსაც იჭერდით და შემდეგ „აპრავებდით“. ამასაც ვერ ხვდებით, რა სისულელეს ამბობთ. ანუ თქვენი მეთოდი რა იყო, იჭერდით პარლამენტის წევრებს და მერე „აპრავებდით“. ამას ამბობთ, რომ თურმე პირველი შემთხვევა ყოფილა, რომ ჯერ ვითხოვთ ნებართვას და მერე ხდება დაკავება. იჭერდით ხალხს და ყრიდით ციხეში, ცემდით პარლამენტის წევრებს. მართლა ხმა არ ამომაღებინოთ. როდესაც ასეთ ცინიკურ რაღაცებს ლაპარაკობთ, პასუხს მიიღებთ. პარლამენტის წევრებს თქვენ ცემდით, ამის უამრავი ფაქტია და სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც არიან მიცემული“, – მიმართა გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას და ეთიკის სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდა.

კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.