გიორგი კახიანი - წინ გველის საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმების განხორციელება, გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკის საფუძვლებზე
წინ გველის საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმების განხორციელება, გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკის საფუძვლებზე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანის თქმით, ახალი კონსტიტუციის მსგავსად, ამოქმედდა ახალი რეგლამენტი, რომელმაც სიახლეები შემოიტანა საპარლამენტო კონტროლის ნაწილში.
„მიმდინარე წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება ის, რომ სწორი პრაქტიკა დავამკვიდროთ. პირველი შემთხვევა იქნება, როცა პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის წინაშე წარდგება და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე ისაუბრებს. სიმბოლურია, რომ ამ პროცესს პრემიერი, მინისტრები და ქალაქის მერი დაესწრებიან. საგაზაფხულო სესიაზე წინ პრემიერის მოხსენება გველის. მიმდინარე კვირას ახალი პროცედურა მინისტრის საათი ამოქმედდება და ამ ფორმატში ორი მინისტრი წარდგება.
საკმაოდ გადატვირთული და საინტერესო სესიები გველის. წინ გველის საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმების განხორციელება, გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკის საფუძვლებზე“, – განაცხადა დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გიორგი კახიანმა.
საქართველოს პარლამენტი ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, დღეს პირველ საგაზაფხულო სესიას გახსნის და სრულად დაიწყებს საქმიანობას თბილისში. საგაზაფხულო სესია პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით გაიხსნება. ეს ახალი რეგლამენტით პირველად ხდება, რითაც, როგორც პარლამენტში აცხადებენ, ახალი ტრადიცია მკვიდრდება საპარლამენტო ცხოვრებაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. ახალი კონსტიტუციითა და რეგლამენტით ახალ ეტაპზე გადადის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა და სწორედ ამის დემონსტრირებად შეიძლება ჩაითვალოს, რომ პარლამენტის თავმჯომარის გამოსვლას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებინ.