გიორგი კახიანი - ვფიქრობ, პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს ელემენტარულ ფაქტს, რომ თავისი პოზიციების რადიკალური ოპოზიციის პოზიციებთან თანხვედრის გამო დაკარგა ელექტორატი
გიორგი კახიანი - ვფიქრობ, პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს ელემენტარულ ფაქტს, რომ თავისი პოზიციების რადიკალური ოპოზიციის პოზიციებთან თანხვედრის გამო დაკარგა ელექტორატი

ვფიქრობ, პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს იმ ელემენტარულ ფაქტს, რომ ასეთი ქმედებების, ხელისუფლებასთან ასეთი დაპირისპირების და თავისი პოზიციების რადიკალური ოპოზიციის პოზიციებთან ზუსტი თანხვედრის გამო მან დაკარგა ელექტორატი, რომელმაც მას თავის დროზე მხარი დაუჭირა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ვინმე თუ ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაც სიმპათიები აქვს პრეზიდენტის მიმართ, ეს ასე არ არის, დარწმუნებული ვარ. სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაში იყენებს პრეზიდენტის ამ პოზიციებს, თორემ მათ პრეზიდენტთან მიმართებაში რა დამოკიდებულებაც თავის დროზე ჰქონდათ და რა განცხადებებიც კეთდებოდა, დარწმუნებული ვარ, დამოკიდებულება არც შეცვლილა“, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, დიდი ალბათობით, პრეზიდენტსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის ალიანსიც არსებობს.

„ბუნებრივია, ზუსტად ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ, სულ ცოტა, იმის თქმა შეგვიძლია, რომ პრეზიდენტს, თავისი ასეთი გაუთვლელი ნაბიჯებით, სათავისოდ იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ და არამარტო „ნაციონალური მოძრაობა“, ზოგადად რადიკალური ოპოზიცია. მათი ქმედებები ერთმანეთთან თანხვედრაშია და, ბუნებრივია, ეს იმასაც გვაფიქრებინებს, რომ ალიანსი არსებობს“, – განაცხადა კახიანმა.

ამასთან, კახიანმა აღნიშნა, რომ ჩნდება კითხვა, როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციას ასე უხეშად და ღიად არღვევდა, რის გარანტიით აკეთებდა ამას.

„მას ხომ ეცოდინებოდა, რომ ამას იმპიჩმენტის პროცედურა მოჰყვებოდა? გარანტია არის მარტივი, პრეზიდენტმა იცის, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ აქვს ხმების ის რაოდენობა, რაც იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულებლად არის საჭირო. ძალიან დიდი ალბათობით, რაღაც ალიანსია რადიკალურ ოპოზიციასთან და ამის გამო დგამს უხეშად იმ ნაბიჯებს, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა. როგორც ჩანს, ეს აიმედებს პრეზიდენტს, თორემ ასეთ ნაბიჯებს ხომ არ გადადგამდა, რომლითაც უხეშად დაარღვია კონსტიტუციური დებულებები?“ – განაცხადა კახიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იყო, მისი აზრით, იმის მიზეზი, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არ წარსდგა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა იცოდა თავისი პოზიციების სისუსტე.

„იქ რომ წარდგენილიყო, ბუნებრივია, თვითონ მოუწევდა იმაზე საუბარი, რაზეც იურისტები საუბრობდნენ, მისი წარმომადგენლები, ანუ, მცდელობა, რომ რაღაც აბსურდი სამართლებრივად აეხსნათ. პრეზიდენტი ალბათ კიდევ უფრო დიდ აბსურდში გადავარდებოდა და, უბრალოდ, ეშინოდა იქ მოსვლის, სხვა რა შეიძლება, იყოს? თავისი სისუსტე და, იმავდროულად, უპატივცემულობაც გამოამჟღავნა სასამართლოს მიმართ. მას შეეძლო, მოსულიყო ერთ დღეს და თავისი რაღაც პოზიციები თავად დაეფიქსირებინა. მეტსაც გეტყვით, მე, საერთოდ, გამიკვირდა, რომ თავისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც კი არ გამოუშვა იქ. ეს საერთოდ გაუგებარი იყო. მას ადმინისტრაციაში ჰყავს კონსტიტუციონალისტები, რომლებიც ეტყოდნენ, რომ ეს არის, ელემენტარულად, კონსტიტუციის დარღვევა. როგორც ჩანს, თავისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც არ ენდობა, ვერ გეტყვით“, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინა პრეზიდენტის წარმომადგენელთა პოზიცია და კონსტიტუციური ნორმების განმარტების იმ ლოგიკას მიჰყვა, რასაც ისინი აკეთებდნენ, ეს იქნება სრული კონსტიტუციური ქაოსი, რომელსაც კანონმდებლობაში მივიღებთ.

„ამიტომ, ეს ბუნებრივია, არ მოხდება, რადგან მართლაც უმარტივესი თემაა და უმარტივესი გადაწყვეტილება აქვს სასამართლოს მისაღები“, – განაცხადა კახიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, დააზიანებს თუ არა იმპიჩმენტის პროცედურა კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, კახიანმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევას ევროინტეგრაციასთან და კანდიდატის სტატუსის მიღებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს არასწორი დამოკიდებულებაა.