გიორგი კახიანი - ვენეციის კომისიის დასკვნა ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენი დამოკიდებულება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობდა
გიორგი კახიანი - ვენეციის კომისიის დასკვნა ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენი დამოკიდებულება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობდა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ ოპოზიციის კრიტიკა დესტრუქციული იყო.

როგორც პირველ არხს კახიანმა განუცხადა, ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნა ისეთივე პოზიტიურია, როგორც წინა დასკვნები იყო.

მისი თქმით, ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ თავისი პოზიტიური დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა.

„კომისიამ აღნიშნა, რომ ცვლილებები მნიშვნელოვანია და წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით. კომისიამ დასკვნაში ყველა იმ ცვლილებაზე ისაუბრა, რომელიც ჩვენს მიერ ხორციელდება. ითქვა, რომ ყველა ცვლილება უკიდურესად პოზიტიურია. კომისიის ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი დამოკიდებულება ცვლილებების მიმართ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობდა“, – განაცხადა კახიანმა.

პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მომავალ სასესიო კვირას დაამტკიცებს. ცვლილებებით ე.წ. ბონუს სისტემა უქმდება და 2020 წლისთვის საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვება მოხდება.

ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა იმსახურებს დადებით შეფასებას, რადგან იგი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს კონსოლიდაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის გაუმჯობესებისკენ.