გიორგი კახიანი - უმრავლესობის შიგნით არის ძალიან მყარი ერთიანობა, დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე და მთავრობის შემადგენლობაზე შეჯერება არ გაგვიჭირდება
გიორგი კახიანი - უმრავლესობის შიგნით არის ძალიან მყარი ერთიანობა, დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე და მთავრობის შემადგენლობაზე შეჯერება არ გაგვიჭირდება

უმრავლესობის შიგნით არის ძალიან მყარი ერთიანობა, დარწმუნებული ვარ, არ გაგვიჭირდება არც მომავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე და არც მთავრობის შემადგენლობაზე შეჯერება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი იმ სცენარს, რომ პარლამენტი მთავრობას ნდობას თუ არ გამოუცხადებს, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, კახიანი აღნიშნულს გამორიცხავს.

„ფაქტობრივად, ამ სცენარს გამოვრიცხავ, რომლის შესაძლებლობასაც კონსტიტუცია იძლევა. ანუ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ხერხდება მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება. მოგეხსენებათ, რომ ამას შესაძლებელია მოჰყვეს რიგგარეშე არჩევნები, თუმცა გამოვრიცხავ. გამომდინარე იქიდან, რომ მიუხედავად ერთის მხრივ უსიამოვნო ფაქტისა, გახარიას გადადგომას ვგულისხმობ, უმრავლესობის შიგნით არის ერთიანობა. ეს ძალიან მყარი ერთიანობაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ გაგვიჭირდება არც მომავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე და არც მთავრობის შემადგენლობაზე შეჯერება.

გამოვრიცხავ იმას, რომ უმრავლესობის შიგნით ვერ მოხერხდეს მთავრობის კონკრეტულ შემადგენლობაზე შეჯერება და მისთვის ნდობის გამოცხადება. უმრავლესობა არის ერთიანი და მყარი გუნდი. დარწმუნებული ვარ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ გაგვიჭირდება“,- განაცხადა კახიანმა.

დატოვე კომენტარი