გიორგი კახიანი - უმრავლესობა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას არ ჩქარობს, ვიდრე ქუთაისის განვითარებისთვის გარკვეული ნაბიჯები არ გადაიდგმება
გიორგი კახიანი - უმრავლესობა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას არ ჩქარობს, ვიდრე ქუთაისის განვითარებისთვის გარკვეული ნაბიჯები არ გადაიდგმება

უმრავლესობა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას არ ჩქარობს, ვიდრე ქუთაისის განვითარებისთვის გარკვეული ნაბიჯები არ გადაიდგმება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პარლამენტის მშენებლობაზე ნახევარი მილიარდამდე ლარი დაიხარჯა და ეს თანხა რომ ქუთაისში სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მოხმარებოდა, მერწმუნეთ, ქუთაისი დღეს ბევრად უფრო სახეშეცვლილი იქნებოდა, ვიდრე არის. რომ მკითხოთ, რა მისცა ქუთაისს პარლამენტის იქ ყოფნამ, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ამაზე პასუხი ალბათ, ისევ ქუთაისელებმა უნდა გასცენ. თუმცა, არ მგონია, მათ ამ კითხვაზე პასუხად აღტაცება გამოხატონ“, – განაცხადა კახიანმა.

ამ განცხადებით გიორგი კახიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აპირებს თუ არა უმრავლესობა პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხის დაყენებას.

მისი თქმით, რეგლამენტის ინიცირებულ ვარიანტში წერია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია, მაგრამ არ იცის, განხილვების პროცესში პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლას მხარს არ უჭერს, მაგრამ მათ ძალიან კარგად ესმით, ამას რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება გააჩნდეს.

„საუბარი საკუთარ კომფორტზე და იმაზე არ არის, რომ თბილისიდან ქუთაისში სიარული ხშირად გვიწევს. პარლამენტი და ყველაფერი დანარჩენი, მთავრობა, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატიური კორპუსი, ანუ ყველა სხვა, ვისთანაც პარლამენტს ყოველდღიური შეხება აქვს, ერთმანეთისგან დაშორებით იმყოფებიან, რაც საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურობის თვალსაზრისით ბუნებრივია, გამოწვევაა და პარლამენტის ადგილსამყოფელი ამდაგვარ პრობლემებს ქმნის. თუმცა, ამავდროულად, ქუთაისს განვითარება სჭირდება და ამ თვალსაზრისით, გვაქვს პროექტი, რომელიც იქ პროფესიული სასწავლებლის განვითარებას ეხება, სადაც ათი ათასობით სტუდენტი ისწავლის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.