თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ არაკონსტიტუციური ნორმაა, ცვლილებებამდე სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანის თქმით, პარლამენტში კენჭისყრის დროს დადგა საკითხი, რამდენად სწორი იქნებოდა დღევანდელ დღეს ამ საკითხზე კენჭისყრის ჩატარება და ვინაიდან აზრთა სხვადასხვაობა იყო, მიიღეს გადაწყვეტილება, გადადებულიყო ამ საკითხზე კენჭისყრა, ვიდრე საბოლოო პოზიცია არ ჩამოყალიბდება.
„შემდგომ, ბუნებრივია, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, თუ როგორ უნდა მოხდეს კომისიის თავმჯდომარის არჩევა. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა იმოქმედა კანონის თანახმად. კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს ეს უფლებამოსილება. თუმცა, კონსტიტუციური ჩანაწერები ოდნავ განსხვავებული შინაარსის არის. პრეზიდენტს აქვს მხოლოდ კონსტიტუციით გაწერილი პრეროგატივა და უფლებამოსილებები. რადგანაც კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი არ არის, შესაძლოა კანონის არაკონსტიტუციურობასთან გვქონდეს საქმე. ამიტომ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ გაგრძელდეს ეს პროცესი და ვიმოქმედებთ შესაბამისად, ისე, როგორც კონსტიტუციური კანონმდებლობა მოითხოვს.
შესაძლოა, გვქონდეს საქმე არაკონსტიტუციურ ნორმასთან, რომელიც კანონში არის. ამიტომ, თუ საბოლოოდ ამაზე ჩამოვყალიბდით, შესაძლოა კანონში ცვლილებების განხორციელება იყოს საჭირო.
თუ ჩვენ შევთანხმდებით იმაზე, რომ არაკონსტიტუციური ნორმაა, ბუნებრივია, სანამ კანონში შესაბამისი ცვლილებები არ განხორციელდება, ვერც კომისიის თავმჯდომარის არჩევა მოხდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
დღეს საქართველოს პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე კენჭისყრა გადაიდო.