გიორგი კახიანი - საქართველოში დღეს პოლიტიკური პატიმრები არ არიან, ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ დრო, როდესაც პოლიტპატიმრები იყვნენ
გიორგი კახიანი - საქართველოში დღეს პოლიტიკური პატიმრები არ არიან, ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ დრო, როდესაც პოლიტპატიმრები იყვნენ

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, ასევე შესაბამისი ანალიზი კეთდება იმ შეფასებებზე და განცხადებებზე, რომლებსაც ჩვენი მეგობრების მხრიდან ბოლო პერიოდში ვისმენთ და ჩვენ მას როგორც რჩევა ისე ვიღებთ. ის შეფასებები, რომლის მიხედვით საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით და გვახსოვს ისიც, რომ მსგავსი შეფასებები კეთდებოდა ადრეც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

„მაგალითად 2013 წელი რომ გავიხსენოთ ახალაიასთან, მერაბიშვილთან მიმართებაში მათაც როგორც პოლიტპატიმრებს ისე მოიხსენიებდნენ. ასე რომ, მსგავსი რამ ადრეც იყო, ამას ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირებები მოყვება. საქართველოში დღეს პოლიტიკური პატიმრები არ არიან, ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც პოლიტპატიმრები იყვნენ. თუმცა საყურადღებოა ჩვენი მეგობრების განცხადება და ჩვენ ამას ყურადღებით ვეკიდებით. შემთხვევითი არ იყო, როდესაც ევროპარლამენტარებს შევთავაზეთ შეექმნათ კომისია და სწორედ ამ კითხვასთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება გააჩნდეთ მათ ე.წ. პოლიტპატიმრებთან მიმართებაში, ჩამოსულიყვნენ აქ და ბუნებრივია, ადგილზე იქნებოდა მეტი შესაძლებლობა, რომ სწორი ინფორმაცია მიეღოთ და გაეკეთებინათ შეფასებები და დასკვნები“, – განაცხადა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ საარჩევნო რეფორმასა და საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 120/30 საარჩევნო მოდელი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე შეიქმნა, ხოლო ოპოზიციის მონაწილეობა კი დესტრუქციაში აისახებოდა, ნაცვლად რაიმე კონსტრუქციული მიდგომისა.

„დღეს ოპოზიციის შეფასებები არის არათანიმდევრული და არაადეკვატურიც. კურიოზია, აბსურდია სხვა თუ არაფერი, როდესაც საუბრობენ, რომ მაშინ როდესაც ხელისუფლება ვამბობთ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საარჩევნო სისტემას მხარს დავუჭერთ და ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი ამას მხარს არ დაუჭერენ და თითქოს ჩვენ ვაპირებთ საარჩევნო სისტემის ჩაგდებას, ეს ხომ სრული აბსურდია, ამას ელემენტარული ლოგიკა სჭირდება, რომ მიხვდე ვინ რა როლს თამაშობს ამაში.

მინდა, საზოგადოებას მივმართო და ავღნიშნო, რომ ძალიან მარტივი დაკვირვებაა საჭირო, იმისთვის რომ გაირკვეს ვინ მართალს ამბობს და ვინ სტყუის. ჩვენ ვართ იმ შეთანხმების ერთგულნი და ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც იქნება საჭირო რათა კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილება განხორციელდეს. თუ ოპოზიცია შესაბამის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არიან მზად მიიღონ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და ეს ცხადია იქნება მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.