გიორგი კახიანი - საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ვიმსჯელებთ
გიორგი კახიანი - საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ვიმსჯელებთ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს განიხილავს ოპოზიციური პარტიების ინიციატივას, რომლის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

საინიციატივო ჯგუფის წევრები მუნიციპალიტეტებში ხელმოწერების შეგროვების დასაწყებად კომიტეტისგან ხელმოწერების ფურცლის ნიმუშებს ელოდებიან.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, კომიტეტი იმსჯელებს, რამდენად შესაბამისობაშია ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი დოკუმენტი. ამასთან, აღნიშნა, რომ შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, კონსტიტუციური კანონპროექტი ინიცირებული იქნება.

კახიანის თქმით, ხელმოწერების შესაგროვებლად საინიციატივო ჯგუფს ოთხთვიანი ვადა აქვს.

„ერთ-ერთი საკითხი, რასაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაა. იმ მიზნით, რათა შემდგომ კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება განხორციელდეს. დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, რამდენად შესაბამისობაშია წარმოდგენილი დოკუმენტაცია რეგლამენტის მოთხოვნებთან და თუ შესაბამისობაშია, საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდება. საინიციატივო ჯგუფს 4-თვიანი ვადა განესაზღვრება, რათა ხელმოწერები შეაგროვონ. ამ ვადაში თუ არანაკლებ 200 ათას ხელმოწერას შეაგროვებენ, რომლის ნამდვილობაც მოგვიანებით დადასტურდება, ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციური კანონპროექტი ინიცირებული იქნება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

21-მა ოპოზიციურმა პარტიამ გუშინ მოითხოვა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

საქართველოს ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, შემდეგ კი, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა.