გიორგი კახიანი - სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს, „საარჩევნო კოდექსში“ მიღებული ცვლილებები შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან
გიორგი კახიანი - სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს, „საარჩევნო კოდექსში“ მიღებული ცვლილებები შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და ამ კანონზე ვეტოს დადება პრეზიდენტის მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციული ქმედებების გაგრძელება იქნება.

როგორც კახიანმა აღნიშნა, საუბარია კანონმდებლობაზე, რომელმაც უახლოეს მომავალში არჩევნების ეფექტიანად ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

„სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე აგრძელებს ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს. ამჯერად ეს გამოიხატება კანონზე ვეტოს დადებაში, კანონზე, რომელიც სრულიად შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ეს გვაჩვენა თუნდაც ამ კანონის მიღების პროცესმა და განხილვებმა. ოპოზიციას არ ჰქონდა არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომ ამ კანონში რაიმე არ იყოს შესაბამისად გამართული, ისე, როგორც ეს ხდება ევროპული კანონმდებლობების მიხედვით. ძალიან ყურადღებით წავიკითხავ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, რას უნდა ეფუძნებოდეს მისი შენიშვნები. დარწმუნებული ვარ, იქ სამართლებრივი არგუმენტაცია არ იქნება. სავარაუდოდ, იქნება იგივე ნარატივი, რაზეც რადიკალური ოპოზიცია საუბრობს. ბუნებრივია, ვეტო აუცილებლად დაძლეული იქნება, რადგან ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია. იმავდროულად, ის კანონმდებლობაა, რომელმაც უახლოეს მომავალში არჩევნების ეფექტიანად ჩატარება უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით დღეს მიიღო. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტოს დაადებს.