გიორგი კახიანი - საჯარო სამსახურებში დანამატის ოდენობა აღარ გადააჭარბებს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20 პროცენტს
გიორგი კახიანი - საჯარო სამსახურებში დანამატის ოდენობა აღარ გადააჭარბებს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20 პროცენტს

საჯარო სამსახურებში დანამატის ოდენობა აღარ გადააჭარბებს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20 პროცენტს, ასევე, საჯარო მოხელეები მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევაში აიღებენ ხელფასის დანამატს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტის შეფასებისას ისაუბრა.

„ეს კანონი არის უნიკალური იმიტომ, რომ აქამდე ქართულ კანონმდებლობაში მსგავსი კანონი არ ყოფილა. ამ კანონმა, ვფიქრობ, უნდა მოაწესრიგოს ის საკითხი, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგში არაერთხელ გამხდარა საკმაოდ აქტუალური და რეზონანსული. კერძოდ, საკითხი ეხება პრემიებისა და დანამატების გაცემის საკითხს. ვფიქრობ, ამ კანონის მიღების შემდეგ, პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოიხსნება თემა, თუ როგორ უნდა მოხდეს დანამატების გაცემა“, – აცხადებს გიორგი კახიანი.

პარლამენტი საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას იწყებს. მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, საჯარო მოხელეები მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევაში აიღებენ ხელფასის დანამატს, რომლის ოდენობაც ლიმიტირებული იქნება.

აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით 28 ნოემბერს განიხილავენ.