გიორგი კახიანი - საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ის ნაბიჯია, რომელიც წინა ხელისუფლებებმა ვერაფრით გადადგეს
გიორგი კახიანი - საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ის ნაბიჯია, რომელიც წინა ხელისუფლებებმა ვერაფრით გადადგეს

ნორმა, რომელიც მკვდარია და რეალურად არ მოქმედებდა, ჩვენ ქმედითი ნორმით შევცვალეთ, რის შედეგადაც, პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე მინისტრთა მონაწილეობა ბევრად უფრო აქტიური იქნება და ჩვენს მინისტრებს პარლამენტში საკმაოდ ხშირად ვიხილავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღეს საპარლამენტო უმცირესობას შესაძლებლობა არ აქვს, კომიტეტის სხდომაზე მთავრობის წევრი მოიწვიოს, რადგან ამ გადაწყვეტილებას კომიტეტი წევრთა უმრავლესობით იღებს, უმრავლესობა კი, როგორც წესი, უმცირესობის ასეთ მოწვევებს მხარს არ უჭერს ხოლმე. ჩვენ უმცირესობას სრული თავისუფლება მივეცით. კომიტეტის ერთ წევრსაც კი, ვთქვათ, უმცირესობის წარმომადგენელს შეუძლია, კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოწვევის საკითხი დააყენოს და მინისტრს აქვს ვალდებულება, მოვიდეს“, – განაცხადა კახიანმა.

გიორგი კახიანმა ასევე განაცხადა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ის ნაბიჯია, რომელიც წინა ხელისუფლებებმა ვერაფრით ვერ გადადგეს.

„აქამდე, საგამოძიებო კომისიას უმრავლესობა ქმნიდა და ამის შესაძლებლობა უმცირესობას არ ჰქონდა. ახალი ცვლილებებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა უმცირესობის პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული. უმცირესობის ხელში ეს ქმედითი და ეფექტური იარაღია. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით, რადგან მონდომებული ვართ, ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია გვყავდეს და არა ისეთი დეგრადირებული, როგორადაც თავს ხშირად წარმოადგენენ ხოლმე პარლამენტის ერთ-ერთი ფრაქციის წარმომადგენლები“, – განაცხადა კახიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ამჯერად, ხედავს თუ არა უმრავლესობა რისკს, რომ სხვადასხვა საკითხზე დროებითი კომისიის შექმნა ოპოზიციამ შესაძლოა, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, უმრავლესობამ ასეთი გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

„ერთ-ერთი გარანტია, რაც შესაძლოა, ამის საწინააღმდეგოდ იყოს, მაღალი პოლიტიკური ცნობიერება და კულტურაა, რომელიც ოპოზიციამ უნდა აჩვენოს. იმედი მაქვს, ჩვენი ოპოზიციური კოლეგები ამას სწორად მიიღებენ და ეს ძალიან ქმედითი იარაღი მათ მიერ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება გამოყენებული“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.