გიორგი კახიანი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი შენიშვნა ფაქტობრივად გათვალისწინებულია
გიორგი კახიანი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი შენიშვნა ფაქტობრივად გათვალისწინებულია

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი შენიშვნა ფაქტობრივად გათვალისწინებულია.

მისი თქმით, არსებობს მხოლოდ ერთი შენიშვნა, რომელიც ღიაობის საკითხსა და შემდეგ ღია კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას უკავშირდება.

„ამ შენიშვნის გათვალისწინება ვერ მოხერხდა. ჩემი აზრით, მიზეზი ის არის, რომ თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას დავუშვებდით და შემდეგ ამაზე უკვე უზენაესი სასამართლო, მაგალითად, საკვალიფიკაციო პალატა იმსჯელებდა, ეს ნიშნავს, რომ საბჭოს დისკრეცია წარდგენის ნაწილში იზღუდებოდა.

კონსტიტუციის მიხედვით, წარმდგენი სუბიექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა. თუ მისი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას დავუშვებთ, მის ამ უფლებას ვზღუდავთ. სამართლებრივი თვალსაზრისით, რთულია იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება იყოს ეს შენიშვნა გათვალისწინებული.

არ მეგულება სხვა სახელმწიფო, რომლის კანონმდებლობაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე არჩევის საკითხებს ასე დეტალურად აწესრიგებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანმა ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ გულდაწყვეტილია, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონში რეკომენდაციების გათვალისწინება ადეკვატურად და სრულად არ მოხდა.

„იმედგაცრუებაზე საუბარი გადაჭარბებულია. ის, რომ ათიდან ათივე შენიშვნის გათვალისწინება ვერ მოხდა და მაგალითად, ცხრის გათვალისწინება მოხდა, იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ვინმე იმედგაცრუებული იყოს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან არგუმენტირებულად ვხსნით, რატომ ვერ მოხდა იმ ერთი შენიშვნის გათვალისწინება.

ამასთან, რაც შეეხება კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას, ამაზე მსჯელობა საერთოდ არ ყოფილა და არც მგონია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

დატოვე კომენტარი