გიორგი კახიანი – სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვეთანხმები სააკაშვილს, მართლაც აბსურდულია მათი პოზიციონირება

16:37, 13.11.2026

მიხეილ სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ თვალსაზრისით, ვეთანხმები სააკაშვილს, მართლაც აბსურდულია მათი პოზიციონირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: „რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, წადით სახლში“.

„უარყოფენ ყველაფერს. უარყოფენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს რაღაც კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ზოგიერთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ძალადობის რაღაც კონკრეტული ფაქტები შეიძლება იყო, მაგრამ ამას არ ჰქონდა მასიური ხასიათი, კონკრეტულ გამოვლინებებს ჰქონდა ადგილიო, ამასთან ჩვენ რა კავშირში ვართო. იმდენად აბსურდული პოზიციები აქვთ, რომ ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებაც ამასთან დაკავშირებით. ერთია, რომ ჩვენ აბსურდულს ვეძახით მათ პოზიციებს და ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც დაინახა ეს და მასაც კი არ მოსწონს მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ თვალსაზრისით ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს, მართლაც აბსურდულია მათი პოზიციონირება. მძიმე მდგომარეობაში არიან, უბრალოდ სხვა პოზიციონირებას ისინი ვერც შეძლებენ, მათ ვერ ექნებათ არგუმენტები ჩვენი იმ მტკიცებულებების წინააღმდეგ, რომლებიც სარჩელშია მოყვანილი. ამიტომ, როდესაც ცდილობ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ასეთ დროს აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა კახიანმა.

მსგავსი