გიორგი კახიანი - როცა ოპოზიციური ჯგუფების მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე ზეწოლა მიმდინარეობდა, არასამთავრობოების მხრიდან სრული პასიურობა დავინახეთ
გიორგი კახიანი - როცა ოპოზიციური ჯგუფების მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე ზეწოლა მიმდინარეობდა, არასამთავრობოების მხრიდან სრული პასიურობა დავინახეთ

მაშინ, როცა „რუსთავი 2-ის“ მიერ გამოქვეყნებული ზაზა ოქუაშვილის ჩანაწერების ავთენტურობაზე და ა.შ. არანაირი დასკვნა არ არსებობდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადება, რაც ერთი ერთში ჩაჯდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„ასეთ დროს, ბუნებრივია, ხელისუფლება იტოვებს უფლებას, რომ თავისი მოსაზრებები გამოთქვას და შეფასებები გააკეთოს“, – განაცხადა კახიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა საფუძველი აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს და იუსტიციის მინისტრს, როცა ისინი უფლებადამცველების ნაწილს პოლიტიკურ პარტიებად, მიკერძოებულად და არასანდოებად მოიხსენიებენ, თეა წულუკიანმა კი 7 ნოემბრის აქციის დარბევაში ეკა გიგაურის შესაძლო მონაწილეობაც არ გამორიცხა და აზიანებს თუ არა ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ფონს, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ეს მმართველი გუნდის მხრიდან, არასამთავრობო სექტორის მიმართ კონფლიქტურ დამოკიდებულებას სულაც არ ნიშნავს.

„პირიქით, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რაოდენ დიდია არასამთავრობო სექტორის როლი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ მათთან ყოველდღიურ საპარლამენტო რეჟიმში ვთანამშრომლობთ; ისინი კანონშემოქმედებით საქმიანობაში, თუ სხვადასხვა პროცესებში აქტიურად არიან ჩართული; ეს აქამდეც ასე იყო და მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო სექტორი საკმაოდ აქტიური იყო, რაც მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ, როცა ოპოზიციური ჯგუფების მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე ზეწოლა მიმდინარეობდა, არასამთავრობო სექტორის მხრიდან სრული პასიურობა დაფიქსირდა.

„ზეწოლა იყო ყველას მიმართ, ვინც კი ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას შეეცდებოდა. ალბათ, გახსოვთ, როგორი ზეწოლა მოახდინეს ექიმებზე, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ გარკვეული მხარდაჭერა გამოხატეს და ასეთი არა ერთი შემთხვევა იყო; არაფერს ვამბობ „ფეისბუქ“ პოსტებზე, სადაც ჩვენი მხარდამჭერების მიმართ პირდაპირ ძალადობის მუქარა იყო, მაგრამ ამ ნაწილში, არასამთავრობო სექტორის მხრიდან სრული პასიურობა დავინახეთ. სრული პასიურობა კი, შეიძლება აღქმული იყოს, როგორც მიკერძოება, კონკრეტული მხარის სასარგებლოდ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.