გიორგი კახიანი - რეგლამენტის მთავარი სიახლე პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობის სრულიად ახალი პლატფორმის შექმნაა
გიორგი კახიანი - რეგლამენტის მთავარი სიახლე პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობის სრულიად ახალი პლატფორმის შექმნაა

რეგლამენტის მთავარი სიახლე ისაა, რომ იქმნება პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობის სრულიად ახალი პლატფორმა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში, ხერხემალი პირველ რიგში, პარლამენტის ძალიან ქმედით კონტროლის უფლებამოსილებაზე გადის, როგორიცაა პარლამენტის უფლებამოსილება, მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს. პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა რამდენად სწორად არის დალაგებული, იქედან გამომდინარეობს, თუ რამდენად ქმედითია ეს მექანიზმი“, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, აქამდე, პარლამენტს რომ მთავრობისთვის უნდობლობა გამოეცხადებინა, კონსტიტუციურად გაწერილი პროცედურით, პროცესის ბოლომდე მისვლას შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირვებოდა და შეიძლება, ეს იმით დასრულებულიყო, რომ პარლამენტს არსებული მთავრობა რომც არ მოსწონებოდა, მას უბრალოდ, ვერ გადააყენებდა.

„პირველ რიგში, ჩვენ ეს მექანიზმი შევცვალეთ და არის ახალი, უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი, რომელიც ამ მექანიზმს ამარტივებს და თუ პარლამენტი მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილო იქნება, მას შეეძლება, მთავრობა ერთ კვირაში, ათ დღეში, ან დაახლოებით, ასეთ ვადაში დაითხოვოს“, – განაცხადა კახიანმა.

კახიანმა ასევე აღნიშნა, რომ როცა ასეთი მთავარი, უმნიშვნელოვანესი საკითხი მოწესრიგებულია, ამის შემდეგ, მთავრობის მხრიდან პარლამენტის მიმართ ნებისმიერი არასწორი დამოკიდებულება, მაგალითად, პარლამენტის მოწვევის უგულებელყოფა, შესაბამისი ანგარიშის თავის დროზე წარუდგენლობა და ა.შ, შესაძლოა, მთლიანად მთავრობის გადაყენებით დასრულდეს.

ამ განცხადებით გიორგი კახიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, კანონმდებლობის გამკაცრების შემთხვევაში, არსებობს თუ არა აღსრულების ნაწილში მექანიზმი, რაც მინისტრებს პარლამენტში მისვლის ვალდებულების შესრულებას აიძულებს.