გიორგი კახიანი - რადიკალური ოპოზიცია დღესაც არ ემზადება არჩევნებისთვის, ცესკო-სა და მისი თავმჯდომარის მიმართ მადისკრედიტირებელი კამპანიის მიზანია, შექმნან ნაღმები, რასაც მერე გამოიყენებენ
გიორგი კახიანი - რადიკალური ოპოზიცია დღესაც არ ემზადება არჩევნებისთვის, ცესკო-სა და მისი თავმჯდომარის მიმართ მადისკრედიტირებელი კამპანიის მიზანია, შექმნან ნაღმები, რასაც მერე გამოიყენებენ

რადიკალური ოპოზიცია დღესაც არ ემზადება არჩევნებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ სტუმრობისას განაცხადა.

„ცესკო-ს თავმჯდომარის პიროვნების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანია აქვთ აგორებული; ცალკე ცესკო-სთან მიმართებაშია ეს კამპანიები და ა.შ. ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, რომ თავიდანვე შექმნან ნაღმები, რომელსაც მერე, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ, მაგრამ ჩვენ მათ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ“, – აღნიშნა კახიანმა.

კახიანის განცხადებით, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარის უმრავლესობით არჩევაზეა საუბარი, მოსახლეობამ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით აირჩია და, შესაბამისად, მთელ რიგ საკითხებში გადაწყვეტილებების მიღების ვალდებულება ამ პოლიტიკურ ძალას ჩააბარა.

„ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, ჩვენ კი ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებთ“, – განაცხადა კახიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გადაწყვეტილებებისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა და იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, რის შესახებაც მმართველი გუნდი ხშირად საუბრობს, რა ადგილს უტოვებს დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას, ვის რა ადგილი დაუტოვოს, იღებს საქართველოს მოსახლეობა და არა „ქართული ოცნება“.

რაც შეხება კონსტიტუციური უმრავლესობის მიღების მიზანს, კახიანის თქმით, ეს არის ქვეყნის განვითარება, მოსახლეობის კეთილდღეობა და ამ მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა.

„„ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციური უმრავლესობა ექნება თუ არა და ოპოზიციური პარტიები გადალახავენ თუ არა 5%-იან ბარიერს, ამ გადაწყვეტილებას იღებს მოსახლეობა. ჩვენ მოსახლეობასთან გვაქვს ყოველდღიური შეხება. გარდა ამისა, გვაქვს სოციალური კვლევების შედეგები და კონსტიტუციურ უმრავლესობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის რეალური მოცემულობა. ეს არის რეალურად შესაძლებელი შედეგი, რომელიც შეიძლება, არჩევნების შედეგად დადგეს. საქართველოში პირველად ტარდება სრულად პროპორციული არჩევნები და ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ. პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველა პოლიტიკური ჯგუფის მოთხოვნა იყო, მაგრამ ამას არცერთი ხელისუფლება არ თმობდა. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რაც თითქოს დაიჩრდილა კიდეც. პროპორციულ არჩევნებში მაღალი შედეგის მიღება რთულია, რადგან ამ შემთხვევაში ზუსტად იმდენ მანდატს იღებ, რამდენ ხმასაც მოსახლეობა გაძლევს. შეიძლება, იქ რაღაც მცირე რაოდენობა იყოს გადაუნაწილებელი მანდატების, მაგრამ პროპორცია, მანდატების რაოდენობა რეალურად ემთხვევა მიცემული ხმების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციური უმრავლესობა არის რეალური მოცემულობა. დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი იმაზე ბევრად მაღალია, ვიდრე ეს იყო, მაგალითად, ბოლო არჩევნების შედეგებში. დაახლოებით ასეთი მოცემულობა გვაქვს დღეს, რომ 60%-ის ფარგლებშია. კონსტიტუციური უმრავლესობა გულისხმობს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს კონსტიტუციური უმრავლესობა ისე კი არ გავიგოთ, რომ რაღაც კონკრეტული მიზანი გვაქვს, კონსტიტუციაში რაღაც შეიცვალოს. ჩვენ ამ მიზნით არ გვინდა კონსტიტუციური უმრავლესობა. უბრალოდ, ეს რეალური მოცემულობაა“, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, დღეს არის მოცემულობა, როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ არის უმძიმეს მდგომარეობაში, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 20%-ის ფარგლებში იქნება და ეს კარგია.

„ასევე არის რამდენიმე პარტია, რომელიც, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფორმით განშტოებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა პარტიები დღეს თითქოს ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“, საბოლოო ჯამში, როგორც კი საჭიროება დაუდგებათ, გაერთიანდებიან. ამას ყველა ხვდება, ამიტომ აღიქმებიან ისინი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად“. დღევანდელი მდგომარეობით, ისინი 5%-იან ბარიერსაც ვერ ლახავენ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას პოლიტიკურ სისტემაში უდიდესი როლი აქვს და ძლიერი ოპოზიცია სწორად და პრაგმატულად მოაზროვნე უმრავლესობისთვის სანატრელია, ვინაიდან ეს არის გარანტი, რომ უმრავლესობა ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს და ქვეყნის განვითარებისთვის სწორი გადაწყვეტილებები მიიღება. მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიციაში მძიმე პოლიტიკური ცოდვებით დამძიმებული ძალაა, მაგრამ არსებული კანონმდებლობა გრძელვადიან პერსპექტივაში მოგცემს შესაძლებლობას და გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად გაჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლების კონსტრუქციულ ოპონირებას შეძლებენ.