გიორგი კახიანი - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში ასახულია და ცვლილების მიზანშეწონილობას ვერ ვხედავთ
გიორგი კახიანი - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში ასახულია და ცვლილების მიზანშეწონილობას ვერ ვხედავთ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ვარაუდობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით განწირულია.

როგორც ჟურნალისტებს კახიანმა განუცხადა, თუ ოპოზიციამ ხელმოწერები შეაგროვა და კონსტიტუციური კანონპროექტი წარადგინა, მას პარლამენტი რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს. თუმცა საკითხზე უმრავლესობის პოზიცია, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის დროს დაფიქსირდა, უცვლელია.

„ეს ასახულია კონსტიტუციის მოქმედ ტექსტში. ცვლილების მიზანშეწონილობას ვერ ვხედავთ. თუ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე მილიონი ხელმოწერის შეგროვება შეიძლება, რელევანტური იქნებოდა, ეს იმ პროცედურის ფარგლებში დაეწყოთ, რაც რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას მისცემდათ. რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულო, იურიდიული ძალის მქონეა და პარლამენტი ყველა შემთხვევაში გაითვალისწინებდა. მათი კონსტიტუციური ცვლილებები განწირული იქნება“, – განაცხადა კახიანმა.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზნით, გაერთიანებული ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ოპოზიციას ხელმოწერების შეგროვების მიზნით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს ბლანკს გადასცემს. საინიციატივო ჯგუფის შექმნაზე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. ოპოზიციას საქართველოს კონსტიტუციური პროექტის ინიცირებისთვის 200 ათასი ხელმოწერა სჭირდება, თუმცა ისინი მილიონი ხმის შეგროვებას გეგმავენ. ოპოზიციას ხელმოწერების შეგროვებისთვის ოთხ თვიანი ვადა აქვს.

საქართველოს ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, შემდეგ კი, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა.