გიორგი კახიანი პროპორციულ სისტემაზე - ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ
გიორგი კახიანი პროპორციულ სისტემაზე - ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ

დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არის ერთი განწყობა, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტიდან აცნობეს, გიორგი კახიანმა საარჩევნო სისტემაზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„განსხვავებული საარჩევნო სისტემების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მთავარია გავაცნობიეროთ, რომ წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკური ფაქტორების, საარჩევნო ტრადიციებისა და გარკვეული წინაპირობების გათვალისწინებით. დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არის ერთი განწყობა, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. მეც ვხედავ რისკებს, რაზეც ჩემი თანაგუნდელები მიუთითებენ, განსაკუთრებით სტაბილურობის ნაწილში. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ. შეიძლება დრომ აჩვენოს, რომ პროპორციული სისტემა არ ამართლებს და მომავალში დაიწყოს საპირისპირო დისკუსია. მაგრამ დღეს ჩვენ ეს ეტაპი უნდა გავიაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური მოცემულობა ვერ დამშვიდდება და ყველა ხელისუფლებისთვის ეს თემა გამოწვევად დარჩება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.