გიორგი კახიანი - პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღი კონსულტაციების შედეგად შეთანხმდება
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღი კონსულტაციების შედეგად შეთანხმდება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით გამოსვლის თარიღი კონსულტაციების შედეგად შეთანხმდება.

პირველ არხთან საუბარში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, რომ რეგლამენტის მიხედვით, როგორც წესი, პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხული სესიის პლენარული სხდომების პირველივე დღეს მიდის, თუმცა რეგლამენტში დათქმა არის, რომ  ეს სავალდებულო არ არის.

დეპუტატის თქმით, პრაქტიკაში მნიშვნელოვანია შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის თარიღთან დაკავშირებით,   პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის არსებობს.

„გასული წლების განმავლობაში, როცა პრეზიდენტი პარლამენტში მოდიოდა, თარიღზე შეჯერება კონსულტაციების ფორმით ხდებოდა. ეს ამჟამადაც ასე იქნება. ტრადიციას არ დავარღვევთ, კონსულტაციები გაიმართება და პრეზიდენტი  პარლამენტის წინაშე მაშინ წარდგება, როცა ეს ხელსაყრელი პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის იქნება“, – აღნიშნავს კანონმდებელი.

კახიანი ყურადღებას პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსზე ამახვილებს და იმედოვნებს, რომ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილი სწორ ხედვას წარადგენს.

„ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და მის ხედვებზე პრეზიდენტის პოზიციებსა და მოსაზრებებს მოვისმენთ. შემთხვევები იყო, როდესაც პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა ჩემთვის მოსაწონი იყო და მის მიერ გაკეთებულ ძირითად აქცენტებს ვეთანხმებოდი, მაგრამ ისეთი შემთხვევებიც იყო, როცა მეჩვენებოდა, რომ პრეზიდენტი ბოლომდე ობიექტური არ იყო და ოდნავ მიკერძოვებული იყო. პრეზიდენტის ყოველი გამოსვლა საერთო შეფასებებსა და ანალიზს საჭიროებს. იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით,   პრეზიდენტი სწორ ხედვას წარმოადგენს“, – განაცხადა კახიანმა.

მიმდინარე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წელს ბოლოჯერ წარდგება. რაც შეეხება ქვეყნის პირველი პირის მიერ ანგარიშის წარდგენის ფორმატს, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ შეიძლება შესვენება გამოცხადდეს, რის შემდეგაც შესაძლოა, ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები ან პოლიტიკური დებატები გაიმართოს, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიურო იღებს.

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე გასულ წელს, 7 აპრილს წარდგა და ყურადღება მის მიერ წარმოებულ კამპანიაზე „კონსტიტუცია ყველასია“, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესსა და პარლამენტის ადგილსამყოფელზე გაამახვილა.

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრებთან ერთად დაესწრო.