გიორგი კახიანი - პირველი ტური ლეგიტიმურია, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერაც არის აღიარებული და პარლამენტის მუშაობას ხელი ვერ შეეშლება
გიორგი კახიანი - პირველი ტური ლეგიტიმურია, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერაც არის აღიარებული და პარლამენტის მუშაობას ხელი ვერ შეეშლება

იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ისინი დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს, რადგან ეს არის ერთადერთი კონსტიტუციური გზა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა. ამასთან, როგორც კახიანმა აღნიშნა, არჩევნების პირველი ტური ლეგიტიმურია, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერაც არის აღიარებული და პარლამენტის მუშაობასაც ვერანაირად ხელი ვერ შეეშლება.

კახიანს იმედი აქვს, რომ ეუთო-ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიები სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად, სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად ცნო არჩევნების პირველი ტური, სრულიად აბსურდული ჩანს მათი პოზიცია და იმედი მაქვს, გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან როგორც საარჩევნო რეჟიმს და შემდგომ ჩვეულებრივად ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში. თეორიულად თუ ვიტყვით, რა მოხდება სამართლებრივად იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, სამართლებრივად იქნება ის, რომ არჩევნები შედგა, მათ შორის ჩატარდება მეორე ტურიც. პირველი ტური ლეგიტიმურია, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული და პარლამენტის ფუნქციონირებასაც ვერანაირად ხელი ვერ შეეშლება. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ვფიქრობ, ხელის გადაწევის პრინციპით არ უნდა ვიმოქმედოთ.

მთავარი არის ის, რომ ოპოზიცია გონს მოეგოს, ჩავთვალოთ, ეს არის ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, აქვს მხოლოდ სრულიად აბსურდული საფუძვლები, თითქოს, რაღაც გაყალბება იყო და ასე შემდეგ. თუნდაც საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, კიდევ რთხელ დადასტურდა, რომ იყო მშვიდ გარემოში ჩატარებული, კონკურენტიანი არჩევნები, მიუხედავად იმ ცალკეული დარღვევებისა, რომლებიც თეორიულად, ნებისმიერი არჩევნების დროს შეიძლება იყოს. ასე რომ, იმედი მაქვს, მომავალში ისინი დაუბრუნდებიან კონსტიტუციურ რეჟიმს, მით უმეტეს, როგორც მე ვარ ინფორმირებული მათ შეხვედრა აქვთ ეუთო-ოდირის წარმომადგენლებთან და იმედი მაქვს, ამ შეხვედრების შემდეგ მაინც სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ეგახსენებთ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.