გიორგი კახიანი - პირადად მე არ შევსწრებივარ ისეთ საუბარს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრა არ ჩატარდეს
გიორგი კახიანი - პირადად მე არ შევსწრებივარ ისეთ საუბარს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრა არ ჩატარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განმარტებით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის შესაძლო დარღვევაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, შემდეგი ხუთი დღის განმავლობაში განისაზღვრება, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში როგორ იმოქმედებს „ქართული ოცნება“.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად შესაძლებელია, უმრავლესობამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე არ დააყენოს, კახიანის შეფასებით, საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

„მოლოდინი გვაქვს, რომ კონსტიტუციური წარდგინება დაკმაყოფილდება, რადგან იურიდიული თვალსაზრისით, ამ დავის შინაარსი ძალიან მარტივია. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, რა არის სტატუსის განმსაზღვრელი ნორმა და რა – უფლებამოსილების. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს იქნება პრევენციისთვის მნიშვნელოვანი, რადგან განმეორებით ასეთი ქმედებების ჩადენა არ მოუვიდეს თავში. უმრავლესობას ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება თავად შეუწყვიტოს, საჭიროა ოპოზიციის მხარდაჭერა, რისი დიდი მოლოდინიც არ მაქვს. როცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, შემდეგი ხუთი დღის განმავლობაში უნდა განვსაზღვროთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში როგორ ვიმოქმედოთ. რეგლამენტი ითვალისწინებს იმ შემთხვევას, რომ კენჭისყრა არ ჩატარდეს და ჩატარდეს. ჩვენ კენჭისყრის ჩატარებას ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ. პირადად მე, არ შევსწრებივარ ისეთ საუბარს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრა არ ჩატარდეს. ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით, შემდეგ რეგლამენტის პროცედურას გავყვებით“, – განაცხადა კახიანმა.