გიორგი კახიანი - პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და დღეს გვაქვს გამართული კანონმდებლობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული არჩევნების ჩატარება
გიორგი კახიანი - პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და დღეს გვაქვს გამართული კანონმდებლობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული არჩევნების ჩატარება

პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და დღეს ჩვენ გვაქვს მართლაც გამართული კანონმდებლობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„ამავდროულად, არ მისცეს საბოტაჟის თუ მანიპულაციების შესაძლებლობა იმ რადიკალურ ძალას, რომელიც, სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილის სახით გვყავს“, – განაცხადა კახიანმა.

გიორგი კახიანმა ცვლილებების აუცილებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს და ორ არაპარტიულ წევრს, რომლებიც ორი წლის წინ ექვსი თვის ვადით არიან არჩეული, ვადა გაუვიდათ, რაც, უბრალოდ, უგრძელდებათ, რადგან სხვების არჩევა არ მოხდა და ასეთი ცესკო-ს პირობებში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი არჩევნების ჩატარება სწორი არ იქნებოდა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ქმნიდა თუ არა ეს მოცემულობა არჩევნების დაბალი ლეგიტიმაციის პრობლემას და საიდან გაჩნდება ლეგიტიმაციის ხარისხი იმ შემთხვევაში, თუ ცესკო-ს თავმჯდომარე ერთპარტიულად აირჩევა, დანარჩენები კი მის წინააღმდეგ იქნებიან, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ცესკო-ს ამ წესით არჩეული თავმჯდომარის და წევრების გამოც დააყენებდა ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს, ხოლო რაც შეეხება ფორმულირებას, თითქოს ცესკო არის ერთპარტიული, არასწორია.

„სინამდვილეში, კომისია შედგება 17 წევრისგან, რომელთაგან ცხრა არის სხვადასხვა პარტიის წევრი; მათგან მხოლოდ ერთია „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული, დანარჩენი რვა კი ოპოზიციური პარტიების წევრები არიან. ამ კომისიაში, ფაქტობრივად, მთლიანად არის წარმოდგენილი საპარლამენტო ოპოზიციური სპექტრი“, – განაცხადა კახიანმა.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, საქართველოში რამე განსაკუთრებული არ მოფიქრებულა.

„დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოებში, სადაც ისეთი ორგანოები არსებობს, როგორიც, მაგალითად, არის ცესკო, მისი წევრები უმრავლესობით აირჩევა და, ზოგადად, ჩვეულებრივი ამბავია, როცა მთელი რიგი თანამდებობის პირების არჩევა უმრავლესობის მიერ ხდება“, – განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, მიღებულ ცვლილებებს წინ უძღვის ორწლიანი პრაქტიკა, როცა მოქმედებდა კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარე და სხვა თანამდებობის პირები ხმების ორი მესამედით, ზოგ შემთხვევაში კი სამი მეხუთედით უნდა არჩეულიყო, რამაც აჩვენა, რომ კონსენსუსი ვერასდროს ვერ მოხერხდა, რადგან კონსენსუსისთვის საჭიროა, ორივე მხარე იყოს მონდომებული, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კი ასეთი მონდომება არ არსებობს.

„მათი მიზანი რამე კონსენსუსის მიღწევა კი არ არის, პირიქით, მიზანი იქნება შეფერხებების შექმნა და წინააღმდეგობების გაჩენა. არჩევნების შედეგებს როდესაც ნახავენ, რაც დაახლოებით იციან კიდეც, როგორი იქნება, შემდეგ ექნებათ მთელი რიგი თემები სალაპარაკოდ, არალეგიტიმურობის და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახიანმა.

ამასთან, გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ მიღებული ცვლილებებით უმრავლესობამ კონსენსუსის შესაძლებლობა დატოვა კანონმდებლობაში.

„ცვლილები, რაც მივიღეთ, გულისხმობს, რომ პირველ ჯერზე კონსენსუსით არის შესაძლებელი ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა. იქაც სამი მეხუთედია საჭირო, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე აირჩეს. უბრალოდ, შემდგომ ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობაც დავტოვეთ. ანუ, კონსენსუსი თუ ვერ ხერხდება, შემდეგ ხდება უბრალო უმრავლესობით არჩევა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს 5 მარტს დაადო ვეტო.

პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია.