გიორგი კახიანი - პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე პირველ საკითხად ზაქარია ქუცნაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხს განიხილავს
გიორგი კახიანი - პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე პირველ საკითხად ზაქარია ქუცნაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხს განიხილავს

ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას რიგგარეშე სხდომების ფორმატში მოუხსნიან.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე პირველ საკითხად ქუცნაშვილის საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის.

„პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება გასულ კვირას წარედგინა, ეს განცხადება თავმჯდომარის კაბინეტის გავლით საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადმოეცა. რეგლამენტის მიხედვით, ასეთი განცხადების განხილვა შესაძლებელია შვიდი სამუშაო დღის გასვლის შემდეგ. ვინაიდან, ეს ვადა 9 ივლისს გადის, 9 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება, რომელიც შესაბამის დასკვნას მიიღებს, მაგრამ იმისათვის, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდეს, საჭიროა პარლამენტმა სხდომაზე დადგენილება მიიღოს. ეს მოხდება 15 ივლისამდე თუ შემდეგ, ეს დამოკიდებულია იმაზე, რიგგარეშე სხდომა როდის იქნება მოწვეული.

რიგგარეშე სხდომა მხოლოდ ამ საკითხზე არ იქნება მოწვეული, მოწვეული იქნება, მათ შორის სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გამო. დიდია ალბათობა იმის, რომ რიგგარეშე სხდომა 15 ივლისამდეც იყოს მოწვეული, ამას პარლამენტი გადაწყვეტს”, – განაცხადა კახიანმა.