გიორგი კახიანი - პარლამენტი მხარს დაუჭერს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას
გიორგი კახიანი - პარლამენტი მხარს დაუჭერს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხთან დაკავშირებით ხვალვე შეიკრიბება.

კახიანი აზუსტებს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წყვეტა არ იქნება.

„დილიდანვე შევიკრიბებით და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, პარლამენტი მხარს დაუჭერს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. თუმცა ერთი დეტალი, რაც უნდა დავაზუსტო, ეს არის ის, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელების თვალსაზრისით წყვეტა არ იქნება. საგანგებო მდგომარეობა გაგრძელებულად ითვლება პრეზიდენტის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემისთანავე, ანუ დღეს ღამის 12 საათის შემდგომაც ჩვეულებრივ გაგრძელდება საგანგებო რეჟიმი. პარლამენტი ხვალ დილიდანვე შეიკრიბება და მის გაგრძელებას მხარს დაუჭერს, მაგრამ მანამდეც საგანგებო მდგომარეობა იქნება გაგრძელებული“, – განაცხადა კახიანმა.

ამასთან, გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ მოქმედებებმა, რომლებიც ხელისუფლებამ განახორციელა მთელი ამ ხნის განმავლობაში, შესაბამისი პოზიტიური შედეგები გამოიღო.

„ის, რომ ჩვენთან ინფიცირების შემთხვევების მატება არ გვაქვს მაღალი და ყოველდღე ვსაუბრობთ ერთეულ და არა ასეულობით შემთხვევაზე, ეს არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. თუ ამას ოპოზიცია ვერ ხვდება, ეს მათი პრობლემაა და მათ უნდა მიიღონ თვითონ გადაწყვეტილება, დაუჭერენ თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ხალხი ჩვენს ქმედებებს სწორად აფასებს, საზოგადოების უდიდეს ნაწილში ჩვენს პოლიტიკას აქვს მხარდაჭერა, ჩვენთვის არის მთავარი ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ამ პროცესის მიმართ საზოგადოებას. ამიტომ, ჩვენი ვიმოქმედებთ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ინტერესი მოითხოვს სწორედ იმას, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და შესაბამისი მოქმედებები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას ხელი მოაწერა.