გიორგი კახიანი – ოპოზიციის რადიკალური ნაწილი იმ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოდის, რომელიც თავად შექმნეს, ეს პოლიტიკური ჯგუფები განულებული არიან

14:53, 29.09.2026

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ჩაფლულია იმ სიყალბეში, რომელიც თავიდანვე შექმნეს და რომელსაც დღემდე მიჰყვებიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანმა კომენტარი გააკეთა პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით „აირაის“ კვლევის შედეგებზე, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა.

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი იმ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოდის, რომელიც თავად შექმნეს და რაშიც საკუთარი თავი ჩაიგდეს. ნაკლებად საინტერესოა, ისინი ამ კვლევებიდან რა დასკვნას გამოიტანენ, მნიშვნელოვანია ის, საზოგადოებას მათზე რა წარმოდგენა აქვს. კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ საზოგადოება ხელისუფლების პოლიტიკას სწორად აფასებს და უარყოფითად უდგება იმ საქმიანობას, რასაც რადიკალური ჯგუფები ეწევიან. მათი პოლიტიკა ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური იყო და მხოლოდ პირადი ამბიციების დაკმაყოფილებისკენ იყო მიმართული. ფაქტობრივად, ეს პოლიტიკური ჯგუფები განულებული არიან“, – აცხადებს კახიანი.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

მსგავსი