გიორგი კახიანი - ოპოზიციას ვთხოვდი, ჯობს, სხდომაზე მოვიდნენ და პოლიტიკური დებატები გავმართოთ
გიორგი კახიანი - ოპოზიციას ვთხოვდი, ჯობს, სხდომაზე მოვიდნენ და პოლიტიკური დებატები გავმართოთ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტის პლენარული სხდომა 26 ნოემბერს ჩატარდება, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს.

მისივე თქმით, პროტესტის გამოხატვა ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, თუმცა ის კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

„ხვალ პლენარული სხდომა ჩატარდება, როგორც ამას რეგლამენტი და კანონმდებლობა ითვალისწინებს. პროტესტი მათი უფლებაა, მათ ამის საშუალება ექნებათ. პირიქით, სახელმწიფო ვალდებულია, აზრის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთადერთი პირობაა – კანონი არ უნდა დაირღვეს“ ,- განაცხადა კახიანმა და აქვე დასძინა, რომ თუ კანონი დაირღვევა და პარლამენტის ფუნქციონიერებას საფრთხე დაემუქრება, შესაბამისი რეაგირებაც მოხდება.

„ამ აქციებმა არასერიოზული სახე მიიღო. სახელმწიფოს რეაგირება იქნება პროპორციული, როგორც წინა შემთხვევაში, როცა ოპოზიცია ცდილობდა, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისთვის ხელი შეეშალა. ოპოზიციას ვთხოვდი, ასეთი მოქმედებებისგან თავი შეიკავონ. სხდომაზე მოვიდნენ და ჯობს, პოლიტიკური დებატები გავმართოთ“ ,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

თბილისში, დღეს, 25 ნოემბერს საპროტესტო აქცია, 26 ნოემბერს კი, პარლამენტის პიკეტირება იგეგმება. ოპოზიციისა და აქციის ორგანიზატორების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 19 ნოემბერს გაკეთდა.