გიორგი კახიანი - ნამდვილად ვიცით, რომ არჩევნების შედეგები არის ის, რაც რეალურად იყო მოსახლეობის ნება, ამის კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენივე ინიციატივით ვქმნით საგამოძიებო კომისიას
გიორგი კახიანი - ნამდვილად ვიცით, რომ არჩევნების შედეგები არის ის, რაც რეალურად იყო მოსახლეობის ნება, ამის კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენივე ინიციატივით ვქმნით საგამოძიებო კომისიას

„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა ყველა ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელს, ვისაც სურვლი ექნება.

კახიანის შეფასებით, ლოგიკურად, მათ ამ სამართლებრივი ბერკეტით უნდა ისარგებლონ.

„პირველ რიგში მოხდება საგამოძიებო კომისიის ინიცირება, შემდეგ პარლამენტი დადგენილებით შექმნის საგამოძიებო კომისიას, რის შემდეგაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განსაზღვრავს კვოტებს, რომელი პოლიტიკური ჯგუფი რა რაოდენობით იქნება წარმოდგენილი საგამოძიებო კომისიაში. ამ კომისიაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა ყველა ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელს, ვისაც ამის სურვილი ექნება. მათ შორის იმ ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ჯერ არ არიან საპარლმენტო საქმიანობაში ჩართული. მაგრამ თუ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას და შემოუერთდებიან საპარლამენტო საქმიანობას, ცხადია, მათაც ექნებათ შესაძლებლობა, საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა.

ყველა ლოგიკა კარნახობს იმას, რომ მათ უნდა ისარგებლონ ამ სამართლებრივი ბერკეტით. ისინი ამბობენ, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, ამ კომისიას სწორედ ამისთვის ვქმნით, რომ თუ ვინმეს რამე კითხვა გააჩნია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, სწორედ ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში კიდევ ერთხელ იყოს შესწავლილი და გამოკვლეული“, – განაცხადა კახიანმა.

გიორგი კახიანის განმარტებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არის ის, რაც რეალურად იყო მოსახლეობის ნება.

„ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ არჩევნების შედეგები არის ის შედეგები, რაც რეალურად მოსახლეობის ნება იყო. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ამის დასტურია ის, რომ ჩვენივე ინიციატივით ვქმნით საგამოძიებო კომისიას, რომელმაც ამ საკითხზე უნდა ომსჯელოს. დარწმუნებული ვარ, კომისიის მუშაობის შედეგად იგივე სურათი დაიდება, რომ არჩევნების შედეგები არის ის რეალური შედეგები, რაც მოსახლეობამ დააფიქსირა არჩევნების დღეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კახიანის თქმით, მზად არიან, ნებისმიერი ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელს მისცენ შესაძლებლობა, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ.

ამასთან, გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნება იმ კონფიგურაციით, რომელიც დღეს არის პარლამენტში წარმოდგენილი.

„ზოგოდად ასეთი წესია, რომ უმრავლესობა არ უნდა იყოს უმრავლესობით წარმოდგენილი საგამოძიებო კომისიაში, თუმცა იმავდროულად რეგლამენტში ასეთი დათქმაა, რომ თუ თეორიულად ეს შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამონაკლისი. მაგრამ ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერი ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელს მივცეთ შესაძლებლობა, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ.

როდესაც შეიქმნება საგამოძიებო კომისია, შეიქმნება იმ კონფიგურაციით, რომელიც დღეს არის პარლმენტში წარმოდგენილი. თუმცა ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას შემოუერთდება,  ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში“, – განაცხადა კახიანმა.