გიორგი კახიანი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კარი ჯერ კიდევ ღიაა, შემოვიდნენ და დისკუსიამ საპარლამენტო ფორმატში გადაინაცვლოს
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ კარი ჯერ კიდევ ღიაა, შემოვიდნენ და დისკუსიამ საპარლამენტო ფორმატში გადაინაცვლოს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.
მისი თქმით, არანაირ პოლიტიკურ დევნას არ აქვს ადგილი, რასაც საზოგადოება ხედავს.
„საქმე მარტივ რეალობასთან გვაქვს. თუ ვინმე კანონს დაარღვევს, მის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება. თუ ვინმე თავის უფლებებს გადაამეტებს, შეეცდება, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიოს, სახელმწიფო ინსტიტუციების საქმიანობა დაიბლოკება, ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი, სასაცილოა. ეს პროცესები მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აზარალებს. მათთვის ეს კარი ჯერ კიდევ ღია არის, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და დისკუსიამ საპარლამენტო ფორმატში გადაინაცვლოს. თუ ასე აპირებენ გაგრძელებას, ეს ყველაფერი ჩვენთვის მომგებიანი იქნება, რადგან ბოლომდე თავისი თავის მარგინალიზაციას ახდენენ. სხვა რესურსი არ რჩებათ, თუ არა, ასეთი პროვოკაციები მოაწყონ. თუ ეს უნდათ, გააგრძელონ, მხოლოდ თავად იზარალებენ, ჩვენ მოგებული დავრჩებით“, – განაცხადა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.