გიორგი კახიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ ქაოსი და არეულობაა
გიორგი კახიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ ქაოსი და არეულობაა

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ქაოსი, არეულობაა და არა ჭეშმარიტების დადგენა, თუ რა მოხდა სინამდვილეში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მათ ქმედებებს ეს ლაიტმოტივი მუდმივად გასდევს. მათ მიერ ადრე ჩატარებულ აქციებსაც თუ გავიხსენებთ, მარტივად დავინახავთ, რომ როგორც წესი, ყოველთვის რაღაც იდეით ინიღბებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში, მათი მიზანი არეულობა, ქაოსი და დესტაბილიზაციის შემოტანა იყო ხოლმე. მათი პოზიცია ჩემთვის არც გასაკვირია, არც სიახლეა და ვფიქრობ, საზოგადოება მათ ქმედებებს უკვე დიდი ხანია, ძალიან მარტივად კითხულობს“, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად, აქტივისტების ამარად შემორჩა და ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პრაგმატულად, სწორად აზროვნებენ და ამას ძალიან მარტივად კითხულობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებს მხარს არ უჭერენ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს. ეს პოლიტიკური გუნდი დესტრუქციულ ძალად ჩამოყალიბდა. მათ მიმართ პოლიტიკური განაჩენი უკვე დამდგარია და არ მგონია, რამე შეიცვალოს“, – განაცხადა კახიანმა.

ამ განცხადებით გიორგი კახიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ აირჩია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუჩის აქციების გზა კომისიაში მუშაობის ნაცვლად, როცა კომისიაში მონაწილეობაზე უარი თქვა და 10 ივნისს აქციას უერთდება, რომელიც სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით იმართება.