გიორგი კახიანი - მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობას საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები წარმოადგენენ
გიორგი კახიანი - მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობას საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები წარმოადგენენ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა და ჩვენი გადაწყვეტილებით, უმცირესობა უმრავლესობით არის წარმოდგენილი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„სხვა თანაფარდობის შემთხვევაში, ანუ უმრავლესობა რომ სხვაგვარად ყოფილიყო წარმოდგენილი, შეიძლებოდა, ვინმეს კითხვები ჰქონოდა, რომ კომისიის საქმიანობა სუბიექტური იქნებოდა, მაგრამ ჩვენ დღის წესრიგიდან ეს კითხვებიც მოვხსენით. ოპოზიციას სრული კარტბლანში აქვს, საქმესთან დაკავშირებით პასუხი ყველა კითხვას გავცეთ“, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, კომისიაში საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობით არის წარმოდგენილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პროცესში პასიურად ჩაერთვება. 

„კომისიაში ჩვენი ექვსი წევრია წარმოდგენილი და პროცესში ძალიან აქტიურად ჩავერთვებით. ჩვენ ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი არ გვინახავს და არ ვიცით, რა მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო, როცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა კახიანმა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისია არის რეალური შესაძლებლობა, რომ შესაბამისი ანალიზის შემდეგ, კითხვებზე პასუხები მიიღონ, რაც საბოლოო ჯამში, შექმნის სურათს, რა მოხდა რეალურად.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.