გიორგი კახიანი - მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად რევოლუციას ხედავს
გიორგი კახიანი - მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად რევოლუციას ხედავს

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ერთადერთ გზად ხედავს რევოლუციას, ხელისუფლების დამხობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც, და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებულ იქნა“.

„მსგავსი სურვილი მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის განცხადებებში ადრეც მოგვისმენია. ის, რომ 20 ივნისს პარლამენტში შეჭრის სურვილი არსებობდა, დაადასტურა ნიკა მელიამაც, როდესაც ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა. თუკი საქართველოში ვინმეს რაიმე კითხვა ჰქონდა, 20 ივნისს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა თუ არა ხელისუფლების დამხობის სურვილი, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, ეს კითხვები უნდა გაქრეს“, – განაცხადა კახიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, ცინიკურია სააკაშვილის განცხადება, თითქოს მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მედია თავისუფალი იყო და რომ დღეს მედიაპლურალიზმს რაიმე პრობლემა ექმნება.

„ყველას კარგად ახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის ძირითადი მედიასაშუალებები, რომლებიც ყველაზე მაღალრეიტინგული იყო, ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მედიაპლურალიზმი შეზღუდული ყოფილიყო“,- განაცხადა კახიანმა.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს მედია ბევრად დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ახლა და პოლიტიკოსები საერთოდ არ ისხდნენ ციხეში.