გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახდენს
გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახდენს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახდენს.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში გიორგი კახიანი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პლენარულ სხდომაზე საბჭოთა ჰიმნის ჩართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საზოგადოებამ ოპოზიციის მხრიდან კიდევ ერთი, მორიგი სამარცხვინო პერფორმანსი იხილა.

„ფაქტიურად, მათ სახე მთლიანად დაკარგეს. ბოლო პერფორმანსი რაც ვნახეთ, იყო ის, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზში საწამლავი დაასხეს. დღეს, საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნი შეასრულეს. ასეთი ფორმით თავისი თავის მარგინალიზაციას ახდენენ და ამ თვალსაზრისით პროგრესისკენ მიდიან. თუ გონს დროზე მოეკიდებიან, ქუჩიდან საპარლამენტო ფორმატში გადმოინაცვლებენ, უკეთესია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მარგინალიზაცია კიდევ უფრო გაგრძელდება”, – განაცხადა კახიანმა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტში რუსეთის ჰიმნი ჩართეს. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე საუბრობდა.