გიორგი კახიანი - კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი არის პრეზიდენტის მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად დადასტურებული და არ მგონია, ამაზე დამატებითი კითხვები გაჩნდეს
გიორგი კახიანი - კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი არის პრეზიდენტის მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად დადასტურებული და არ მგონია, ამაზე დამატებითი კითხვები გაჩნდეს

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა არანაირად არ ნიშნავს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. იმპიჩმენტის პროცედურა არის სრულიად სხვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, პრეზიდენტი კონსტიტუციის იმ ნორმას არასწორად განმარტავს, რომლითაც მას აქვს ვალდებულება მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩობის კანდიდატები დანიშნოს.

„პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ეს არის მისი დისკრეცია და მას შეუძლია, დანიშნოს ან არა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კომპეტენციათა დავების განხილვა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამიტომ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და დააფიქსირებს პოზიციას, ეს მისი კომპეტენცია არის თუ არა. რაც შეეხება პრეზიდენტის ვიზიტს, ამ შემთხვევაში, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი პირდაპირ თუ ირიბად პრეზიდენტმა თავად დაადასტურა მაშინ, როცა თქვა, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი და არა ოფიციალური. ეს იმას ნიშნავს, რომ გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ ოფიციალური ვიზიტით მთავრობის გარეშე წასვლა იყო კონსტიტუციის დარღვევა. ვინ შეიძლება წარმოიდგინოს, რომ სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე კერძო საკითხებზე იყო საუბარი. გარდა ამისა, 5 მარტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზეზად დასახელდა ის, რომ პრეზიდენტს სურდა, იმ ვიზიტებზე ესაუბრა, რაც მას ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა. კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი არის პრეზიდენტის მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად დადასტურებული და არ მგონია, რომ ამაზე დამატებითი კითხვები გაჩნდეს, ეს ვიზიტი ოფიციალური იყო თუ კერძო“, – განაცხადა კახიანმა.