გიორგი კახიანი - ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იყოს
გიორგი კახიანი - ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იყოს

ასეთი აუდიო ჩანაწერი, როგორიც დღეს გამოაქვეყნეს, შემიძლია, ზუსტად ათ წუთში ბევრი გავაკეთო და ვისაუბრო იმაზე, თითქოს, ვიღაც ვიღაცას რაღაცას ავალებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ამაზე საუბარი არასერიოზულია და სიმართლე გითხრათ, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება მიჭირს კიდეც“, – განაცხადა კახიანმა.

ამ განცხადებით გიორგი კახიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ფიქრობს თუ არა ის, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს დღეს გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს მითითებას აძლევენ, თუ ვის უნდა მისცენ ხმა 28 ოქტომბერს.

კახიანის თქმით, ხელისუფლების ინტერესშია, არჩევნები სამართლიანად, თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს პირობებში ჩატარდეს და ყველა კანდიდატს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა, რომ თავიანთი ამომრჩევლის წინაშე წარდგნენ.

„ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ეს ფაქტია და სამწუხაროა, რომ ამის საპირისპიროდ, ოპოზიციური ჯგუფების, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვხედავთ მცდელობას, რომ წინასაარჩევნო გარემო რაღაცნაირად დაამახინჯონ და დააკნინონ“, – განაცხადა კახიანმა.

როგორც კახიანმა აღნიშნა, მისთვის და საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის სერიალები და დადგმული სპექტაკლები, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, „რუსთავი 2-ის“ ეთერით, ბოლო კვირების განმავლობაში, ყოველდღე გვთავაზობდა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ფლობს თუ არა ის ინფორმაციას, რა დეტალების გასაჯაროებას გეგმავს სუს-ი აღკვეთილ ძალადობრივ პროვოკაციებთან დაკავშირებით არჩევნების შემდეგ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ყველა განცხადებას, რომელიც აქამდე გაკეთებულა, საფუძველი ჰქონდა და თუ რამე პროვოკაცია არ მომხდარა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამის საწინააღმდეგოდ გარკვეული პრევენციული ზომები მიიღებოდა.

„ყოველი არჩევნების წინ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესში გარკვეული ქაოსის შემოტანას ცდილობს, რაც ფაქტებითაც დადასტურებულა. გაიხსენეთ ჩანაწერები, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იყოს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.