გიორგი კახიანი - „ხალხის ძალის“ განცხადება ყურადსაღებია, არიან ძალები, რომელთა ინტერესში შეიძლება, სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესება იყოს, რათა ამას არეულობა, ხელისუფლების ცვლილება მოჰყვეს
გიორგი კახიანი - „ხალხის ძალის“ განცხადება ყურადსაღებია, არიან ძალები, რომელთა ინტერესში შეიძლება, სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესება იყოს, რათა ამას არეულობა, ხელისუფლების ცვლილება მოჰყვეს

„ხალხის ძალის“ განცხადება საკმაოდ ყურადსაღებია, რადგან მოცემულობა ასეთია – თუ ვინმეს ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული, პირველ რიგში, ეს ხელისუფლებაა, რომელიც ამისთვის ყველაფერს აკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანმა კომენტარი გააკეთა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია: „სააკაშვილის პატრონებმა მოუხშირეს საუბარს, რომ ციხეში მისმა შესაძლო სიკვდილმა შეიძლება, ქვეყნის მომავალი განსაზღვროს“. განცხადების თანახმად, სააკაშვილი თავის „პატრონებს“ კონკრეტული თემებით აშანტაჟებს.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, არიან ძალები, რომელთა ინტერესში შეიძლება, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე მძიმე შედეგი იყოს, რათა ამას შემდგომ არეულობა, დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ცვლილება მოჰყვეს.

„ცხადია, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. თუ რაიმე რისკები არსებობს, და შესაძლებელია, ასეთი რისკები არსებობდეს, მისი უსაფრთხოების ნაწილში სახელმწიფო ყურადღებას კიდევ უფრო გაამკაცრებს და გააძლიერებს. შესაძლოა, ვინმეს ასეთი სურვილები ჰქონდეს, მაგრამ რისკები გამორიცხული იქნება. სავარაუდოდ, იქნებიან ძალები, ვის ინტერესშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება ან რაიმე უფრო მძიმე შედეგის დადგომა შეიძლება იყოს, რაც გამოყენებული იქნება დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, ხელისუფლების ცვლილებისთვის. რისკები თუ არსებობს, სახელმწიფო და მისი შესაბამისი სამსახურები სათანადო ზომებს მიიღებენ, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი და მისი უსაფრთხოება – მაქსიმალურად დაცული. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება, თუმცა მთავარია, მისი მხრიდან ასეთივე დამოკიდებულება არსებობდეს“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.