გიორგი კახიანი - ირაკლი შოთაძეზე ოპონენტების პოზიცია არ მიკვირს, რადგან მის პერიოდში გამოიძიეს საქმეები, რომელზე მსჯავრდებულებიც „ნაცმოძრაობის“ წევრები იყვნენ
გიორგი კახიანი - ირაკლი შოთაძეზე ოპონენტების პოზიცია არ მიკვირს, რადგან მის პერიოდში გამოიძიეს საქმეები, რომელზე მსჯავრდებულებიც „ნაცმოძრაობის“ წევრები იყვნენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ირაკლი შოთაძეს უსამართლოდ აკრიტიკებენ. საქართველოს პირველ არხთან საუბარში გიორგი კახიანი პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას და ოპონენტების შეფასებას გამოეხმაურა.

„ოპონენტების პოზიცია არ მიკვირს, რადგან ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის პერიოდში გამოიძიეს სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებული არაერთი შემთხვევა. ამ საქმეებზე მსჯავრდებულები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. ის, რომ ირაკლი შოთაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აკრიტიკებენ უსამართლოდ, გასაკვირი არ არის.

მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის პერიოდში გამოიძიეს მძიმე დანაშაულები. ამავე დროს, გაიზარდა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ადამიანის უფლებების სტანდარტი. ამ ყველაფერმა იმის საფუძველი მოგვცა, რომ უმრავლესობას ირაკლი შოთაძისთვის მხარი დაეჭირა“, – აღნიშნავს კახიანი.

დეპუტატი აცხადებს, რომ გენერალური პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლდება

„არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ იმისთვის, რომ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები კიდევ უფრო ძლიერი ყოფილიყო. ეს ცხოვრებაშიც განხორციელდება, რადგან დამოუკიდებლობის გარანტიები არსებობს“, – განაცხადა კახიანმა.

პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე დღეს დაამტკიცა.