გიორგი კახიანი იმედოვნებს, რომ დიალოგის მეხუთე რაუნდზე ოპოზიცია კონსტრუქციულ დამოკიდებულებას გამოავლენს
გიორგი კახიანი იმედოვნებს, რომ დიალოგის მეხუთე რაუნდზე ოპოზიცია კონსტრუქციულ დამოკიდებულებას გამოავლენს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დიალოგის მეხუთე რაუნდზე, მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციულ დამოკიდებულებას დაინახავს.

კახიანის შეფასებით, კონგრესმენების, ეუთო/ოდირისა თუ სხვა პარტნიორების განცხადებებში, იკვეთება თხოვნა, რომ მხარეები კონკრეტულ საარჩევნო მოდელზე შეჯერდნენ.

„ძალაშია შერეული საარჩევნო სისტემის მოდელი 77/73-ზე, ოპოზიცია კი, არჩევნების ჩატარებას სრულად პროპორციული სისტემის საფუძველზე ითხოვს. ჩვენ კომპრომისის სასარგებლოდ ნაბიჯი გადავდგით, რაც გულისხმობს პროპორციული წესით მანდატების გაზრდას და მაჟორიტარული წესით – შემცირებას. იმედი მაქვს, ოპოზიციის მხრიდანაც ანალოგიური დამოკიდებულება იქნება, რადგან შეთანხმება ორივე მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. რაც შეეხება ე.წ. გერმანულ მოდელს, მის არაკონსტიტუციურობაზე ჩვენი მოსაზრება არ შეცვლილა”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.