გიორგი კახიანი - იმედი მაქვს, შევთანხმდებით კონკრეტულ რეგულაციებზე, როგორ ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები
გიორგი კახიანი - იმედი მაქვს, შევთანხმდებით კონკრეტულ რეგულაციებზე, როგორ ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მუშაობს წინადადებაზე, რომელიც შეიძლება, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წარადგინოს.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მჯერა, საბოლოოდ, კონკრეტულ მოდელზე შევთანხმდებით, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციისთვის და ჩვენთვისაც. რაც შეეხება მეოთხე რაუნდს, ჩვენ, ბუნებრივია, ვფიქრობთ, რა შეიძლება, იყოს ჩვენი მხრიდან შეთავაზებული. არ მინდა, მოვლენებს გავასწორო და ბუნებრივია, ეს მეოთხე რაუნდის ფარგლებში იქნება ცნობილი“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, შეიძლება, ოპოზიციის მხრიდანაც იყოს რაიმე ახალი ვერსია შემოთავაზებული.

„ეს მოლოდინიც გვაქვს, რომ შეიძლება მათგანაც რაღაც ახალი მოვისმინოთ. ფაქტია, რომ ყველა ამ შეხვედრამ ერთი რამ გამოკვეთა, რომ ჩვენი მხრიდან არის მზაობა, რათა რაღაცაზე კონკრეტულად შევჯერდეთ და ოპოზიციაც ვინაიდან იღებს ამ შეხვედრებში მონაწილეობას, მათი მხრიდანაც იგივე მზაობაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, შევთანხმდებით კონკრეტულ რეგულაციებზე, თუ როგორ ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.