გიორგი კახიანი - იმედი მაქვს, ანა ნაცვლიშვილი ბოლომდე წინამორბედის გზას არ გაუყვება
გიორგი კახიანი - იმედი მაქვს, ანა ნაცვლიშვილი ბოლომდე წინამორბედის გზას არ გაუყვება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტის ახალი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი წინამორბედის, ანა დოლიძის „გზას არ გაუყვება“. მისი თქმით, ანა დოლიძის შეფასებები უფრო პოლიტიზებული იყო.

„ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს ვიცნობ, როგორც კვალიფიციურ იურისტს და უპირველესად, ჩემთვის ეს არის მთავარი, რადგანაც მასთან ურთიერთობა, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან მოგვიწევს და მისი კვალიფიკაცია არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

იმედი მაქვს, რომ ბოლომდე იმ გზას არ გაუყვება, რასაც მისი წინამორბედი – ვგულისხმობ იმას, რომ მის წინამორბედში ​ძირითადად არა იურისტს, არამედ პოლიტიკოსს ვხედავდით და მისი შეფასებები თუ პარლამენტში გამოსვლები უფრო პოლიტიზებული იყო, ვიდრე სამართლებრივი შეფასებებით მოცული.

ამ თვალსაზრისით, იმედი მაქვს, ქალბატონი ანა განსხვავებულად წარმოდგება პარლამენტის წინაშე ისე, როგორც თანამდებობა სთხოვს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი დღეს დაინიშნა.